რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის პროდუქტების დაკონსერვებისას
„ოდნავადაც რომ იყოს დაზიანებული, დანარჩენსაც დაალპობს“ – რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის პროდუქტების დაკონსერვებისას„ოდნავადაც რომ იყოს დაზიანებული, დანარჩენსაც დაალპობს“ – რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის პროდუქტების დაკონსერვებისას
„მნიშვნელოვანია, ზამთრისთვის პროდუქტის შენახვის რომელ მეთოდს გამოვიყენებთ: კონსერვირებას, კომპოტისა თუ მურაბის სახით, გაყინვას, ჩირის მომზადებას და ა.შ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ობის ფაქტორიც – არსებობს კარგი ობის სოკოები, როგორც ეს ყველის შემთხვევაშია და მას მიირთმევენ კიდეც, მაგრამ მურაბასა და პურზე გაჩენილი სოკოები ჯანმრთელობისთვის საზიანოა“, – ამის შესახებ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა.
არაბულის თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებები და ნიშან-თვისებები, რომლებიც პროდუქტის მომზადებამდეა სახეზე.
„პირველ რიგში, აუცილებელია, მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი შევინახოთ, რადგან ის ოდნავადაც რომ იყოს დაზიანებული, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ეს ნაწილი დანარჩენი ნაწილების დაზიანებასა და ლპობას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია, შენახვის რომელ მეთოდს ვიყენებთ.
ცხადია, სერიოზული პრობლემაა ე.წ. შეღებილი ან ხელოვნურად სახეცვლილი ვიზუალის მქონე ხილი. ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად ასე უნდა მოვიქცეთ: ნაყიდი ხილი ცხელ წყალში მოვათავსოთ და თუკი ფერს გაუშვებს, ესე იგი, საქმე ხელოვნურად სახეცვლილ ვიზუალთან გვაქვს და ეს ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნებოდა. ამიტომ, ამ დეტალსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ასე რომ, რეკომენდაციების მოსმენა, პროცესებში უკეთესად გაცნობიერება და მათი პრაქტიკაში გადატანა დაგვეხმარება იმაში, რომ ზამთარში გემრიელად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ ვიკვებოთ“, – განაცხადა არაბულმა.

