ახალი ამბები

შეჩერდება თუ არა უვიზო მიმოსვლა სექტემბრიდან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან მიმართებით მკაცრ ზომებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. თუმცა საქართველოს რეკომენდაციების შესრულება მოსთხოვეს და ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცეს.

დოკუმენტში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე არ შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები, შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცედურა დაიწყოს.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის. უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეწინააღმდეგა რვა წევრი ქვეყანა იტალიის ხელმძღვანელობით. მათი შეფასებით, ეს ზომა პირდაპირ დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და არ იქნება პროპორციული.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა კი, რომელიც საკითხის გააქტიურებას ემხრობა, კოლეგებს მოუწოდა, მზად იყვნენ სწრაფი რეაგირებისთვის, თუ თბილისი კურსს არ შეცვლის.

საქართველოს პარლამენტი აგვისტოს განმავლობაში არდადეგებზეა და ეჭვქვეშ დგას, შეძლებს თუ არა მთავრობა ამ ვადებში საჭირო საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმას. თავად ევროკავშირშიც აგვისტო ასევე არაოფიციალური არდადეგების პერიოდია. მიუხედავად ამისა, აგვისტოს ბოლოს დანიშნულია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა დანიაში, მაგრამ პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რეალური გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, მხოლოდ 20 ოქტომბერს გაიმართება.

დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ბლოკი შესაძლოა დაელოდოს მოსალოდნელ ანგარიშებს საქართველოს პროგრესის შესახებ შემოდგომამდე, სანამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებას გადაწყვეტს.

კომისიის რეკომენდაციები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას:

  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გაუქმება, რომელიც ევროკავშირის შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას;
  • „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შეჩერება, რადგან მასში გათვალისწინებული დისკრიმინაციული ნორმები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს;
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროკავშირის წესებთან, მათ შორის იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმება, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების გაცემაში მაღალ რისკიანად მიიჩნევს;
  • ასევე ანგარიშის წარდგენა ევროკომისიისთვის, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული გადადგმული ნაბიჯები თითოეულ რეკომენდაციაზე.

“რადიო თავისუფლების” კითხვაზე, რა მოხდება 31 აგვისტოს შემდეგ, თუ საქართველოს მხრიდან რეკომენდაციები არ შესრულდება და გაუქმდება თუ არა უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში განაცხადა:

“ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ “საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის 1 სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება, 2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით” |ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არ საჭირდება და საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 27 წევრი სახელმწიფოდან ის 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ი ცხოვრობს. ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო განიხილავს. რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა დასახელებული. ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა “ოცნების” ხელისუფლებას დაეკისრება”.