პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებასა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის აღკვეთას ითხოვს
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან ვეტერანი ჟურნალისტი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.
გავრცელებულ განცხადებაში მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებსა და სასამართლო საქმის დეტალებზეა საუბარი, რასაც IPI თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს და შესაბამის უწყებებს ამაღლობელისადმი არასათანადო მოპყრობის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“IPI უერთდება პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნაში. ამაღლობელმა, რომელმაც 20 იანვრიდან შიმშილობა გამოაცხადა, თქვა: “ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესებისა”.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ ამაღლობელი და დაასრულონ ეს უპრეცედენტო თავდასხმა მედიაზე. გარდა ამისა, მოვითხოვთ ამაღლობელისადმი გამოვლენილი არასათანადო მოქცევის შესახებ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
საერთო განცხადებას ხელს 13 საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს:
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი
პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი
ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია
Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa
Free Press Unlimited
იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის
IMS
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი
მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი დასავლეთ ბალკანეთში
PEN International
სამოქალაქო უფლებების დამცველები
ქეითი კილი, ლი ჰილსის თავმჯდომარე თავისუფალი პრესის კვლევებში, მისურის ჟურნალისტიკის სკოლა
ჟურნალისტთა საზოგადოება

