ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული შემოსავლები თითქმის გაორმაგდა
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებიდან დღემდე საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამურად, 25.02 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია 2017 წელს მოხდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უვიზო რეჟიმის შემოღების წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.704 მლრდ დოლარს აღემატებოდა, 2024 წელს კი რეკორდულ ნიშნულს – 4.425 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მონაცემები აჩვენებს, რომ შემოსავლები თითქმის 64%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლიდან დღემდე საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი იყო პანდემიის პერიოდი, რა დროსაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და მოგზაურობაზე შეზღუდვები მოქმედებდა. პანდემიის შემდეგ, კერძოდ, 2021 წლიდან ტურიზმის სექტორმა აღდგენა დაიწყო და მას შემდეგ შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. მაგალითად, „გალთ ენდ თაგარტი“ ელის, რომ წელს ტურიზმის სექტორი 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს მიიღებს. თუ მიმდინარე წლის ორი კვარტალის მონაცემებს გადავხედავთ, ეს ტენდენცია იკვეთება კიდეც. თვალსაჩინოებისთვის, წელს როგორც პირველ (826 მილიონი დოლარი), ასევე მეორე კვარტალში (1.145 დოლარი) მაქსიმალური შემოსავლები ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან დღემდე ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი ეკავა რუსეთს (20%), თურქეთსა (13.7%) და ევროკავშირის ქვეყნებს (12.5%). ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ევროკავშირიდან ვიზიტებით მიღებულ შემოსავლებში თვლის გაერთიანებულ სამეფოსაც.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავლები შემდეგი ქვეყნის ვიზიტორების მოგზაურობიდან მივიღეთ:
რუსეთი – 5.509 მილიარდი დოლარი;
თურქეთი – 3.423 მილიარდი დოლარი;
ევროკავშირი – 3.136 მილიარდი დოლარი;
უკრაინა – 1.366 მილიარდი დოლარი;
ისრაელი – 1.951 მილიარდი დოლარი;
აზერბაიჯანი – 1.236 მილიარდი დოლარი;
სომხეთი – 1.184 მილიარდი დოლარი;
ირანი – 1.066 მილიარდი დოლარი;
საუდის არაბეთი – 703.4 მილიონი დოლარი;
ბელარუსი – 547.5 მილიონი დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები – 4.895 მილიარდი დოლარი.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტებით მიღებული შემოსავლების ნაწილს, 2017 წელთან შედარებით, 2024 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან, თუ ამ ორი წლის მონაცემებს შევადარებთ, გამოვა, რომ 2017 წელთან შედარებით 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ვიზიტისას თითქმის 2-ჯერ მეტი დახარჯეს.

