ახალი ამბები

რა ელით ქართველ მძღოლებს თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს ანალიზს, იმის შესახებ თუ რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი საავტომობილო გადამზიდავები, უვიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.

როგორც ცენტრი წერს, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში ქართველ გადამზიდავ მძღოლებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად ექვსი დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

კერძოდ, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს თუ რა ბარიერებზეა საუბარი:

ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.
ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ-გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.
ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ-გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.
ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებული დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ-გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.
ბარიერი მეხუთე – რიგი ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი-გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტაქოგრაფის მონაცემების ჩათვლით.
ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი-გადამზიდველის ვიზის ხანგრძლვობა იქნება, არა უვადო არამედ შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.
იმისათვის, რომ უფრო ცხადი იყოს, რა სირთულეების წინაშე დადგებიან, ევროკავშირის ვიზის მისაღებად ქართველი საერთაშორისო გადამზიდავი მძღოლები, TCRC ბელარუსი მძღოლების მაგალითს განხილავს.

რა ელით ქართველ მძღოლებს თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება

„ბელარუსში ევროკავშირის ვიზების გაცემას სახელმწიფო ორგანიზაცია – ბელარუსის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია – БАМАП ი ახორციელებს. თავის მხრივ, მას მძღოლების სავიზო მიმართულება, შვილობილ საწარმოსათვის БАМАП–Сервис-სთვის აქვს დელეგირებული.
შვილობილი საწარმო БАМАП – Сервис-ი ემსახურება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ბელარუსის საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციაში არიან გაერთიანებული ანუ მის წევრებს. შესაბამისად, საქართველოშიც უნდა გაჩნდეს დამატებითი რგოლი, სავარაუდოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის GIRCA-ს სახით, რომელსაც საელჩოებთან მძღოლებისათვის საერთაშორისო ვიზების მიღების კომუნიკაცია დაეკისრება,“
– აღნიშნულია ცენტრის მიერ მომზადებულ ანალიზში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ევროკავშირმა რეკომენდაციებით მიმართა „ქართულ ოცნებას“ და ამ რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაუდგინა. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში EU საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს.