გზების მშენებლებს ახალი ვალდებულება უჩნდებათ
2026 წლიდან გზების მშენებლობა-რეაბილიტაციისას კომპანიებს მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენების მოთხოვნა გაუჩნდებათ. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრისა და გზების მშენებელი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გზის ხარისხისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, 2026 წლიდან სახელმწიფო პროექტებში გზის საფარის ზედა ფენისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს მოდიფიცირებული ასფალტო – ბეტონის გამოყენება.
“მოდიფიცირებული ასფალტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გზის საფარის გამძლეობასა და მდგრადობას როგორც მაღალი ტემპერატურის, ისე ყინვის პირობებში. ის უკეთ ეწინააღმდეგება კლიმატურ და მექანიკურ დატვირთვებს, ამცირებს ბზარების წარმოქმნის რისკს, ზრდის გზის ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების უკეთეს მოჭიდებას, რაც მძღოლების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს”, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა პრეზენტაციები ასფალტო ბეტონის მოდიფიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თბილი ასფალტო ბეტონის გამოყენების უპირატესობებზე და ტექნოლოგიური ნაცრის ბაზაზე გზის საფუძვლის რეციკლირებისა და სტაბილიზაციის ინოვაციურ მიდგომებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები.

