ახალი ამბები

,,წერილები მეფეს” – თელავის შესახებ დაწერილი წიგნი „საბას“ ფინალშია

ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტთა შორის, ,,წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“ მკვლევარის, მთარმგნელისა და მწერლის, ანა მარგველაშვილის წიგნი, ,,წერილები მეფეს” მოხვდა.

ანა მარგველაშვილის „წერილები მეფეს“ დოკუმენტური პროზაა, სადაც ავტორი თელავის ყოველდღიურობისა და უხალესი ისტორიის შესახებ უყვება ქართლ-კახეთის მეფე − ერეკლე მეორეს. ავტორი ისტორიული ქალაქის საინტერესო აწმყოსა და ისტორიულ წარსულს ერთმანეთს უკავშირებს, ისე, რომ ერთ მთლიანობას ქმნის.

„უკვე ათ წელზე მეტია აქ დავდივარ, ხან ცოტა და ხანაც დიდი ხნით. უკვე ათი წელია ნელ-ნელა ვეცნობი თელავსა და მის შემოგარენს. ამბებს ვაგროვებ, ვაკვირდები, რაღაც მახარებს, რაღაც მაფიქრებს, ანდაც მადარდებს. ჰოდა, შემიძლია ძველიც გავიხსენო, დღევანდელიც გაგიზიარო და ამ წლების ამბები იმის დასტურადაც მოგიყვე, რომ ავად თუ კარგად, გრძელდება ცხოვრება და თელავიც ისევ ცდილობს გაუმკლავდეს დროების მოტანილ დიდ-პატარა პრობლემებს, ქარებს და ქარბუქებს“, − ვკითხულობთ წიგნში.

„წერილები მეფეს“ არის წიგნი თელავის და მისი შემოგარენის შესახებ, დანახული და აღქმული არა თელაველის, არამედ გარეშე პირის მიერ. პირის, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა და ბოლოს ცხოვრობდა კიდეც თელავში. წიგნი გაფორმებულია ავტორის ფოტოებითა და ნახატებით.

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. მათ შორისაა ანა მარგველაშვილის დოკუმენტური პროზაც.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე მეტი პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).