ახალი ამბები

გეოლოგებმა 2025 წლის სტიქიური მოვლენების სურათი შექმნეს- რა მდგომარეობაა კახეთში

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა გეოლოგიური დეპარტამენტის მომზადებული ყოველწლიური დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში 2024 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებსა და 2025 წლის პროგნოზს.

გეოლოგების პროგნოზით, სტიქიური მოვლენების გააქტიურება ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. თბილისის გარდა, გეოლოგებმა საქართველოს 10 რეგიონი იკვლიეს.

აჭარა;
გურია;
სამეგრელო-ზემო სვანეთი;
იმერეთი;
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი;
სამცხე-ჯავახეთი;
შიდა ქართლი;
მცხეთა-მთიანეთი;
ქვემო ქართლი;
კახეთი.
საქართველო, სტიქიური პროცესების განვითარების მასშტაბით და საშიშროების რისკის მიხედვით, მსოფლიოს მთიან მხარეთა ერთ-ერთი რთული რეგიონია, რომლის სივრცის 70% და დასახლებული პუნქტების 60%-მდე საფრთხეების სხვადასხვა კატეგორიის რისკის ქვეშაა – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის შეფასებაში.

გეოლოგები ხელისუფლებას ფაქტობრივად აფრთხილებენ, რომ ერთადერთი, რამაც შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების ზიანი შეამციროს, საფრთხეების წინასწარი შეფასება და მოსახლეობის გაფრთხილებაა. ეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საქმეა.

სულ 2024 წელს, გეოლოგიის დეპარტამენტმა საქართველოში 1065 საფრთხის შემცველი უბანი შეაფასა.

დადგინდა, რომ სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების ტენდენციამ დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად გადააჭარბა ფონურ მდგომარეობას. აღმოსავლეთში კი იგივე სურათი დარჩა, რაც 2023 წელს იყო.

კახეთში მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია 9, საშუალოში 141, ხოლო დაბალი რისკის მქონეში – 192 დასახლებული პუნქტი.

2025 წელს მეწყრების გააქტიურება მოსალოდნელია ახმეტის რაიონის სოფლებში შახვეტილასა და ბაყილოვანში. ღვარცოფის საფრთხეა ცივ-გომბორის ორივე ფერდობზე.