ევროკავშირთან შეხვედრები ასოცირების შეთანხმების ფორმატებშიც შეჩერებულია – “ნეტგაზეთი”
ევროკავშირთან შეხვედრები ასოცირების შეთანხმების ფორმატებშიც შეჩერებულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთი” წერს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრები წელიწადზე მეტია არ გამართულა. “ნეტგაზეთის” თანახმად, ევროკომისიის განმარტებით, ამის მიზეზია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების დონის შემცირებას ითვალისწინებს.
„საქართველოს დემოკრატიული უკუქცევის გამო, 2024 წლის ივნისიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეხვედრები არ ჩატარებულა. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, შეცვალოს თავისი ქმედებების კურსი და ხელახლა ჩაერთოს ევროკავშირისკენ სვლაში“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ევროკომისიაში.
გამოცემა დაინტერესდა, შექმნილ ვითარებაში რამდენად გრძელდება ევროკავშირთან თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და დაგეგმილია თუ არა ამჟამად ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეხვედრები ასოცირების საბჭოს (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტის (მინისტრების მოადგილეების დონეზე) და საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ფორმატებში, რაზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეს-ოფიცრისგან შემდეგი პასუხი მიიღეს: „ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების დონის შემცირებას, გარდა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული შეხვედრებისა, 2024 წლის ივნისიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები არ ჩატარებულა“.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით (DCFTA), 2014 წელს გაფორმდა და 2016 წელს შევიდა ძალაში. ის ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას ყველა სფეროში — საგარეო და უსაფრთხოების საკითხებისა და შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების ჩათვლით.

