ახალი ამბები

გაიცანით ახალგაზრდა მხატვარი, ქეთი თოფალაშვილი სოფელ სამთაწყაროდან

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ქეთი თოფალაშვილი ბავშვობიდან ხატავს. მან ხატვა სკოლის ასაკიდან დაიწყო და შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისში, თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს სკოლაში და ამ მიმართულებით ცოდნა გაიმყარა.

როგორც ქეთი ამბობს, დღემდე ახსოვს პირველი ნახატი, რომელიც სკოლის პერიოდში შექმნა. მისი განმარტებით, ის მუშაობისას საკუთარ ემოციებს და ხედვას გადმოსცემს, ამიტომ თითოეული ნახატი მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია.

,,ხელოვნებისადმი ინტერესმა ჩემს ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან მოიკიდა ფეხი. მთელი ბავშვობა ხატვით ვიყავი გატაცებული, ვხატავდი ყველაფერს, და თან გულის სიღრმეში ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ერთ-ერთი ცნობილი და აღიარებული მხატვარი გავხდებოდი. თუმცა ზუსტად მახსოვს ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც მეცხრე კლასში ყოფნისას ხმამაღლა ვთქვი საკუთარი თავისთვის: „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მხატვარი გამოვიდე“. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე მიზანმიმართული მუშაობა და გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი გზა ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი უნდა გამხდარიყო. იყო მრავალი ბარიერი და წინაღობა, ჩავარდნებიც მაგრამ ეს ყოველივე უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა.

საწყის განათლებას ვიღებდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში. შემდგომში სწავლა გავაგრძელე თბილისში, თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს სკოლაში, სადაც შევიძინე ის ღირებული ცოდნა და სულიერი გამოცდილება, რაც შემდგომში ჩემს ხედვასა და სტილზე აისახა. დავიწყე ჩემი ნამუშევრების შენახვა.

დღემდე ჩემთან არის პირველი ნახატები, რომლებიც არა მხოლოდ მხატვრულად, არამედ ემოციურადაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისინი მახსენებს იმ მუხტს, იმ სუფთა შთაგონებას, რომელიც ყოველთვის მიბიძგებდა, შემექმნა და გამომეხატა ჩემი თავი. პირველი ნამუშევარი, რომელიც შთამაგონა და დავხატე, იყო ვან გოგის ცნობილი ტილო „ვარსკვლავებიანი ღამე“. თავდაპირველად განსაკუთრებულად მხიბლავდა პეიზაჟების ხატვა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ჟანრი ვერ მძლევდა იმ ემოციურ სიღრმემდე, რომელსაც ვეძებდი. სწორედ ამიტომ გადავედი პორტრეტებზე ადამიანის თვალების, განსაკუთრებით მოხუცთა მზერის გადმოცემა ჩემთვის ერთგვარი „სულის დანახვა“ გახდა’’,- აცხადებს ქეთი.

ქეთი ამბობს, რომ ძირითადად პორტრეტებს ხატავს. ნახატის შექმნისას კი მისი მიზანია, თითოეულ ნამუშევარში გადმოსცეს ის ღირებულებები და სიღრმე, რაც სიტყვებით ხშირად გამოუთქმელია.

,,ხატვა ჩემთვის წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომლის მეშვეობითაც ვაცოცხლებ ადამიანურ განცდებს, შინაგან ძალას და ცხოვრებისეულ ამბებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხატავ ადამიანებს მოხუცებსა თუ ბავშვებს ვცდილობ, მათი მზერით ვუპასუხო მნახველს. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრების რეალიზაციას ვახდენ და ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ თითოეული ტილოს უკან დგას ემოცია, შრომა და შთაგონება. მიუხედავად იმისა, რომ ვყიდი ნახატებს, ჩემთვის ყოველი მათგანი განსაკუთრებული და ძვირფასია. მოთხოვნა არის განსაკუთრებით იმ ნამუშევრებზე, სადაც ადამიანური ემოციები და თვალების სიღრმე ყველაზე ძლიერად ჩანს.’’

ახალგაზრდა მხატვარი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტად ცნობადი იყოს მისი შემოქმედება, ამაში კი ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება.

,,იმისთვის, რომ ამ სფეროში უფრო წარმატებული ვიყო, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. განსაკუთრებით იმ სივრცეებმა, სადაც ხელოვნება ფასდება და უყვართ. ამისთვის ვაპირებ მეტი გამოფენის ორგანიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ჩემს მშობლიურ დედოფლისწყაროშიც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


ასევე გამოფენებში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სივრცე, სადაც ჩემს ნამუშევრებს ცხოვრებისა და კომუნიკაციის გაგრძელების საშუალება ეძლევათ. გამოფენები მაძლევს საშუალებას, საზოგადოებას გავაცნო ჩემი შემოქმედება, მივაწვდინო ჩემი სათქმელი და უფრო ფართო აუდიტორიასთან მქონდეს კონტაქტი. სამომავლოდ მინდა განვვითარდე როგორც მხატვარი, დავიხვეწო ტექნიკურად და შემოქმედებითად, და ჩემი ნამუშევრები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანო’’,-
აცხადებს ქეთი knews.ge-სთან საუბრისას.