ახალი ამბები

USAID-ის უცხოური დახმარება ოფიციალურად შეწყდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უცხოური დახმარების პროგრამები 1-ლი ივლისიდან უკვე ოფიციალურად შეჩერდა და სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, „სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს დახმარების პროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკას შეესაბამება და ამერიკის ინტერესებს ხელს უწყობს.“

რუბიო ამბობს, რომ ახალი მიდგომა პროგრამებს უფრო ანგარიშვალდებულს, სტრატეგიულსა და ეფექტურს გახდის. ასევე, ყველა სამთავრობო თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროგრამები აშშ-ის ინტერესებს ემსახურებოდეს.

მისი თქმით, ახლახან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში 715 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ათასობით პროგრამა და ხარჯი შეისწავლა, აჩვენა, რომ USAID ეფექტურობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

„მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეს ერა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ-ში საბოლოოდ უცხოური დახმარების ისეთი მისია გაჩნდება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მიანიჭებს პრიორიტეტს,” – აცხადებს რუბიო.

მისი ცნობით, USAID გადასახადების გადამხდელებისგან ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუზღუდავ დაფინანსებას იღებდა, რომ ამერიკული გავლენა გაეზარდა, მთელ მსოფლიოში ეკონომიკური განვითარებისთვის ხელი შეეწყო და მილიარდობით ადამიანს ფეხზე დადგომაში დახმარებოდა. თუმცა „ცივი ომის შემდგომი პერიოდის შედეგებიდან USAID-ს ბევრი არაფერი აქვს საჩვენებელი.“

„ჩვენ არ ვწუხვართ იმის აღიარებით, რომ საზღვარგარეთ ჰუმანიტარული დახმარებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ აშშ-ის დიდი ხნის ერთგულება უნდა იყოს მიმართული საგარეო პოლიტიკის წინსვლისკენ სლოგანით, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა,“– აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ცნობისთვის: USAID 1961 წელს შეიქმნა. მიმდინარე წლისთვის მისი უცხოური დახმარების ბიუჯეტი 42,8 მლრდ დოლარი უნდა ყოფილიყო. იანვარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა სააგენტოს უცხოური დახმარება, სახელმწიფო ხარჯის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში, 90 დღით გაყინა, ხოლო USAID-ის მმართველობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა.

bpn.ge