უცხოეთში ღვინის პოპულარიზაციის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება
საზღვარგარეთ ღვინის პოპულარიზაციის სუბსიდირების პროგრამაზე განაცხადების მიღება პირველ ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ ეტაპზე, საჭიროა 2025 წლის 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინოთ:
შევსებული განაცხადის ფორმა დანართი N1
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან
საბანკო რეკვიზიტები
“ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა” ითვალისწინებს 300 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსებას მეწარმეებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტსა და მარკეტინგულ საქმიანობას ახორციელებენ.
„პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი, ყველა რეგიონში ერთობლივად (აზიის რეგიონი, ევროპის რეგიონი, ამერიკის რეგიონი და სხვ. გარდა საქართველოსა, სუამისა და დსთ-ის ქვეყნებისა) ან ბენეფიციარის შერჩევით არაუმეტეს ორ რეგიონში, მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს“, – განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, ღვინის მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამის მიმართ 2024 წელს ინტერესი გაიზარდა და ჩართვის სურვილი 26-მა კომპანიამ გამოთქვა.
2024 წელს, ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზება სახელმწიფოს ₾16 მლნ დაუჯდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი კი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.

