11-მა ქვეყანამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა – პაპუაშვილი
ქართული დიპლომატიური და სამუშაო პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში შესასვლელად ვიზის აღებაა საჭირო.
შეზღუდვების ამოქმედებაზე ინფორმაცია დაადასტურეს ჯერ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შემდეგ კი შალვა პაპუაშვილმა.
„მინდა ყველამ კარგად იცოდეს, არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის ევროკავშირის სირცხვილი. ევროკომისიის რეკომენდაცია თუ გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ყველა ის ქვეყანა, რომელიც აჰყვა ამ გადაწყვეტილებას, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
ონლაინგამოცემა Euroscope ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეზღუდვები ამოქმედდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.
„შვედეთი აგვისტოდან. უნგრეთი, რა თქმა უნდა, ღიაა, ავსტრიაც ამ ეტაპზე. არ გვაქვს ინფორმაცია დანარჩენ ქვეყნებზე, მაგალითად, გერმანია ან პოლონეთი“, – წერია გამოცემის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პაპუაშვილამდე მედიასთან ისაუბრა კობახიძემ. მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად მას და მის თანაგუნდელებს ვიზის აღება დასჭირდათ.
„ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: რადიო თავისუფლება

