თელავი უნივერსიტეტის პროფესორები, მათ წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე საუბრობენ
თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ქეთევან გიგაშვილი, გია გოცირიძე და ნინო გოგიაშვილი, მათ წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებზე საუბრობენ. პროფესორები რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წლებია მუშაობენ, აცხადებენ, რომ უნივერსიტეტმა მათი სამსახურიდან გაშვებისთვის, სპეციალური კომისია შექმნა და რეორგანიზაცია დაავალა.
პროფესორები ასევე განმარტავენ, რომ ამის მიზეზი მათი სამოქალაქო პოზიციაა, რომელსაც ისინი ღიად აფიქსირებენ.
ნინო გოგიაშვილი, რომელიც მრავალი წელია უნივერსიტეტში მუშაობს, უნივერსიტეტის მიერ მისთვის გადაგზავნილ დოკუმენტაციას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობისთვის შესაბამისი კანდიდატების შეფასება დაიწყება, სადაც თითოეული პროფესორისთვის კომისიის წევრებს შესაბამისი შეფასების და ქულების დაწერა შეეძლებათ.
მისივე განმარტებით, ეს დოკუმენტი უნივერსიტეტმა მათი სამსახურიდან გასაშვებად დაამუშავა.
,,დღევანდელ, სრულიად უკონტროლო და პოლიციური მმართვეობის რეჟიმში, რთულია, რაიმე სახის უსამართლობით მიიქციო ყურადღება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დიდ ნოუ-ჰაუსთან გვაქვს საქმე. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორმა აკადემიური პროკრუსტეს სარეცელი გამოიგონა. ივნისის ბრძანების საფუძველზე, უნივერსიტეტში გამოცხადდა რეორგანიზაცია, შედგა კომისია და დაიწყო საკითხის სკრუპულოზური შესწავლა – როგორ გაუშვან უნივერსიტეტიდან არასასურველი პროფესორები.
საშტატო სეკვესტრიტება გამოცხადდა ზუსტად იმ მიმართულებებზე, სადაც “საშიში” პროფესორები ვიკავებთ აკადემიურ თანამდებობებს, კრიტერიუმებიც შესაშურად შესაბამისი შეირჩა. ფაქტია, რომ უნივერსიტეტის მისიაში ასახული გეგმების განხორციელებას – ამ ორგანიზაციის გაძლიერების შესახებ – რექტორი შალვა ჭკადუა მოცემული კრიტერიუმებით აპირებს.
მაქვს წინადადება, აკადემიური პერსონალის შესარჩევი მოცემული კრიტერიუმები გადაეგზავნოს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს, რათა ისინიც მიხვდნენ, რაში მდგომარეობს აკადემიური თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის ჭეშმარიტი არსი. ტენუარის სისტემა დევალვირებულია, წინ ახალი საბჭოეთისაკენ’’,- წერს ფილოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი ნინო გოგიაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება ასევე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი გიორგი გოცირიძე.
მისი თქმით, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეობრივად აქტიური პროფესორების უნივერსიტეტიდან გაშვებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მათი მრავალწლიანი ოპონირების სამართლიანობას.
,,ამდენი ხანი მუშაობდნენ და ეს დოკუმენტი გამოადნეს აკადემიური პერსონალის მეცნიერულობისა და პროფესიონალიზმის შესაფასებლად. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ჩვენი მრავალწლიანი ოპონირების სამართლიანობას. ამის მეტი რომ არ შეუძლიათ, იმიტომაა უნივერსიტეტში სტუდენტების კატასტროფული კლება და ღრმა ფინანსური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება ასეთი არაპროფესიონალი მენეჯმენტის პირობებში’’,- აცხადებს გიორგი გოცირიძე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გიგაშვილი აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კომისიას ჯერ გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, თუმცა მათ უკვე წინასწარ იციან უარყოფითი და დადებითი შეფასება რომელ პროფესორებსა და ლექტორებს ექნებათ.
,,ნომერ პირველი ბრალდება ქვეყანაში დღეს სამშობლოს სიყვარულია. „ოცნება“ სჯის ყველას, ვისაც ქვეყანა უყვარს, მისი თავისუფლების, სამართლიანობის, სტაბილურობისა და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის, ანუ, რეალური მშვიდობისთვის იბრძვის, ვისაც აშფოთებს მისი ევროატლანტიკური კურსიდან ჩამოშორება და ავტოკრატიულ რეჟიმებთან დაახლოება, აშინებს ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა და მისი თანმდევი უმართავი პროცესები.
დასჯის მეთოდი სხვადასხვაა: ზოგს იჭერენ, ასახიჩრებენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, ზოგს აჯარიმებენ, ზოგსაც „რეორგანიზაციის“ საფარქვეშ სამსახურიდან ათავისუფლებენ. რეპრესიებმა, ანუ 1937 წლის აჩრდილმა, განათლების სფეროშიც შეაღწია. გამონაკლისი არც ჩვენი უნივერსიტეტია, რომლის ადმინისტრაციამაც სამი კვირის წინ ორი ფაკულტეტის (ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა) გაერთიანების საფუძვლით აკადემიური პერსონალი 2026 წლის სექტემბრამდე დადებული ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე გაგვაფრთხილა’’, -აცხადებს ქეთევან გიგაშვილი.
მისივე თქმით, შესამცირებელი შტატები უკვე გამოაცხადეს და ის შეეხება 2 პროფესორს, 3 ასოცირებულ პროფესორ და 3 ასისტენტ პროფესორს.
,,ეს შტატები უკავიათ იმ პროფესორებს, რომელთა დასჯაც ჩაფიქრებულია. მერე რა, რომ უნივერსიტეტიდან გაუშვებენ მაღალი კვალიფიკაციის კადრს, რაც, სხვათა შორის, მოქმედი კანონმდებლობით, დასჯადია. პარადოქსია, რომ ამ სიაში ვართ ისინი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იმ პოლიტიკას ვეწინააღმდეგებოდით, რომელმაც სტუდენტთა რაოდენობის კატასტროფული კლება გამოიწვია და სასწავლებელი ღრმა ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.
არც ადრე გვისმენდნენ და არც ახლა სურთ მათ მიერ შექმნილი პრობლემების გონივრული მოგვარება! მიუხედავად იმისა, რომ კომისიას ჯერ არ დაუმთავრებია მუშაობა, წინასწარ ვიცით, რომ გაგვათავისუფლებენ ჩვენ: გიორგი გოცირიძეს- პროფესორს ისტორიის მიმართულებით, ქეთევან გიგაშვილს- პროფესორს ქართული ენის მიმართულებით, მზია გიგაშვილს- ასისტენტ-პროფესორს ქართული ენის მიმართულებით და კიდევ ორს, რომელთა გვარებს ჩემს სტატუსში არ ვასახელებ.
თუნდაც გიორგი გოცირიძის გაშვება უნივერსიტეტიდან, იმ კაცისა, რომელმაც საბჭოთა ტიპის უნივერსიტეტი თანამედროვე უნივერსიტეტად გარდაქმნა და უდიდესი ენერგია შესწირა მის განვითარებას, საკმარისია იმის შესაფასებლად, სად არის ქვეყანა და მისი საგანმანათლებლო სფერო დღეს. ახლა რექტორი ჭკადუა ტექნიკურ კომისიასთან ერთად განიხილავს რეგულაციას, რომელიც ჩვენ უნდა მოგვარგონ, რომ გასათავისუფლებელთა სიაში აღმოვჩნდეთ სწორედ ჩვენ და არა სხვები. პარტიული დავალება წარმატებით შესრულდება, როგორც მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში ღლონტები და ორაგველიძეები ასრულებდნენ!’’,- წერს პროფესორი და მეცნიერი ქეთევან გიგაშვილი სოციალურ ქსელში.
knews.ge შეეცდება ამ საკითხზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან შესაბამისი კომენტარის მოპოვებას.