ახალი ამბები

ბაზრობები მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულება შესაძლოა, კიდევ გადავადდეს

ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონარულ სავაჭრო ადგილზე მოვაჭრეებისთვის შესაძლოა, გარკვეული რეგულაციები გადავადდეს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის (ოთარ დანელიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაში საუბარია, საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევაზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეგულაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ მიმართა.
მათი განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-2 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია ბაზრობის ორგანიზატორის ვალდებულებები, კერძოდ:

ა) საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ;

ბ) სავაჭრო ობიექტიან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;

გ) ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით;

აღნიშნული უნდა უზრუნველყოს, არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი იანვრისა.

ბაზრობების გაერთიანების თქმით, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან, ყველა მოვაჭრე, რომელიც ბაზრობის ტერიტორიაზე საქმიანობს, ვალდებული იქნება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოიყენოს. ამავე პერიოდიდან, ბაზრობის ტერიტორიაზე ისეთი სავაჭრო ობიექტი, რომელიც არ იქნება უზრუნველყოფილი საკონტროლო-სავაჭრო აპარატით, ჩაითვლება სამართალდარღვევად და ბაზრობის ორგანიზატორი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით ( თითოეულ შემთხვევაზე).

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანების პოზიციით, აღნიშნულ ვადაში ნორმების ამოქმედება გამოიწვევს მთელ რიგ გართულებებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული აპარატების მუშაობისთვის აუცილებელია ყველა სავაჭრო ობიექტთან არსებობდეს ელექტროენერგიის წყარო, შესაბამისად, ბაზრობების ტერიტორიაზე საჭიროა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება და თანამედროვე სტანდარტები შესაბამისი უსაფრთხოებია სისტემების უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ბაზრობების გაერთიანება კიდევ ერთ სპეციფიკაზე მიუთითებს. კერძოდ, მათი განმარტებით, ბაზრობის ტერიტორიაზე ხშირად ისეთი პირი ქირაობს სავაჭრო ადგილს, რომელსაც საკუთარი საქონელი არ გააჩნია, მას განთავსებული აქვს სხვისი პროდუქცია და მას ყიდის მიზერული ფასნამატით. ახალი რეგულაციის მიხედვით კი, მან ჩეკი უნდა ამოარტყას მთლიანი თანხის ოდენობის შესაბამისად და არა მიღებულ მიზერულ ფასნამატზე.

ამასთან, სავაჭრო ობიექტების გაერთიანება მიუთითებს, რომ სამუშაო დღის შემდეგ, აღნიშნული აპარატების ჩაბარება უნდა მოხდეს ე.წ შემნახველ საკანში, რაც მისი დაკარგვის და დაზიანების ალბათობას ზრდის.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ბაზრობების გაერთიანება მიიჩნევს, რომ რეგულაცია 2030 წლამდე უნდა გადავადდეს.

შეგახსენებთ, ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი. თუმცა მაშინ პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.