უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ – წესდება ახალი ჯარიმებიც
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. აღნიშნულს გულისხმობს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების ავტორები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია არიან.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვასა და მისი აღსრულებისთვის საჭირომექანიზმებს, ასევე, შესაბამის პასუხისმგებლობის ნორმებს.
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში:
შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი და კრიტერიუმები;
კანონით დარეგულირდება უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება);
გარდა ამისა, შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები.
ამასთან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა.
„უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი. პარალელურად, განხორციელდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მაქსიმალურად შიდა რესურსებით დაკმაყოფილდეს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ „შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, იგეგმება კონტროლის გამკაცრებაც. წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, უცხოელების უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში ჯარიმები იქნება შემდეგნაირი:
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა – გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
აღნიშნული დარღვევების განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმების გაორმაგებაა დაგეგმილი.