ახალი ამბები

სპეციალისტები – ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსი შესაძლოა, მთელ ქვეყანაში გავრცელდეს

ეს დაავადება მაინც გავრცელდება მთელ საქართველოში, ვინაიდან მისი გავრცელების შეფერხება ძალიან რთულია, – ამის შესახებ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა დაავადება ტროპილელაფსიზე საუბრისას, რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი.

როგორც მან Bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, შემოდგომისთვის უფრო გვეცოდინება, თუ როგორი იქნება გავრცელების მასშტაბი და ამ მხრივ, რა სურათი იქნება ქვეყანაში. მეფუტკრეთა გაერთიანებაში, რაიმე კატასტროფულის მოლოდინი არ აქვთ, ვინაიდან მეფუტკრეებს გაერთიანება საჭირო ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდის, რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

„ფუტკრის კონტროლი შეუძლებელია, შესაბამისად ეს დაავადება მაინც სრულად გავრცელდება. ამიტომ მთელი აქცენტი გადატანილი გვაქვს იმაზე, რომ მეფუტკრეების დროული ინფორმირება მოხდეს, რათა მათ შეძლონ ამ დაავადების ამოცნობა და მასზე რეაგირება. ვიყენებთ სოციალურ ქსელსაც იმისთვის, რომ ამაზე მეფუტკრეებს ინფორმაცია მივაწოდოთ. ასევე, შემოდის ძალიან ბევრი ზარი. ძირითადად, რაც დავასკვენით, არის ის, რომ ახალი პარაზიტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია ჭიანჭველჟავა, ოღონდ მასთან ერთად უნდა გატარდეს ზოოტექნიკური ღონისძიებები. ახლა ასევე მიმდინარეობს ახალი პრეპარატის გამოცდა, რომელსაც ჯერ სახელიც არ ჰქვია. ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამაიმედებელი ცნობებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ალეკო პაპავამ.

მისივე თქმით, თუ მეფუტკრემ არ მიაქცია ყურადღება, ეს დაავადება გამოიწვევს ფუტკრის დახოცვას. „ეს დაავადება თავად თაფლის დაბინძურებას არ იწვევს, უბრალოდ მეფუტკრეზეა დამოკიდებული ამ დაავადების საწინააღმდეგოდ, რა პრეპარატებს გამოიყენებს. მაგრამ ახლა ჩვენ რა მეთოდებსაც ვნერგავთ, პრაქტიკულად 100%-ით გამორიცხავს თაფლის დაბინძურებას, ვინაიდან აქცენტი გვაქვს გაკეთებული ჭიანჭველმჟავაზე, რომელიც ორგანულ მეფუტკრეობაში დაშვებულია“, – განმარტა მან.

რაც შეეხება დაავადებასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს ჩართულობას, პაპავას თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, მაგრამ, მისი აზრით, სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიურდეს.

„ვფიქრობ, დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, უფრო უნდა გააქტიურდეს სახელმწიფო. ასევე აუცილებელია მეფუტკრეების ტრენინგები, პროფესიული სასწავლებლების მეტი ჩართულობა, სახელმწიფო პროექტებში უფრო მეტი დახმარება, რათა მეფუტკრეობის დარგი განავითარონ და სწავლების ახალი ტექნოლოგიები დანერგონ“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება დაავადებასთან ბრძოლის პროცესში დარგის სუბსიდირებას, პაპავა ამბობს, რომ ეს „თემა ჯერ დაძრული არ არის“.

„ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ სამინისტროსთან შეხვედრაზე, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გადაწყდება. ეს დამოკიდებულია იმ პრეპარატზე, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს. რა ეღირება და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მეფუტკრეებისთვის, ვნახოთ, ეს მომავლის საკითხია“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის პარაზიტი ტროპილელაფსი 2024 წლიდან გავრცელდა. ის ფუტკრის ოჯახების დასუსტებასა და განადგურებას იწვევს. როგორც ალეკო პაპავა ამბობს, დიდი ალბათობით დაავადებამ საქართველოში რუსეთიდან შემოაღწია.

„ჩვენი დასავლური მეთაფლია ფუტკარი უკვე გავრცელდა მთელ დედამიწაზე, ანტარქტიდის გარდა და შესაბამისად, შევიდა იმ ტერიტორიაზეც, სადაც ეს პარაზიტი ბუნებრივად ხვდებოდა, ოღონდ სხვა ტიპის ფუტკარზე, შესაბამისად, ის გავრცელდა. ჩვენი ვარაუდით, ჩვენთან ეს პარაზიტი შემოვიდა რუსეთიდან. კერძოდ, კრასნოდარიდან აფხაზეთში. რუსეთში ეს დაავადება დაახლოებით 2022 წელს დაფიქსირდა. რუსულმა სამეცნიერო წრეებმა მაშინ განაცხადეს, შესაბამისად, უკვე გვქონდა შიში და ვარაუდი, რომ ეს დაავადება ჩვენთანაც გადმოვიდოდა“, – აღნიშნა მან.