ახალი ამბები

ლაგოდეხში წელს ვიზიტორთა გაორმაგებულ რაოდენობას ელიან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, წელს, ვიზიტორთა გაორმაგებულ რაოდენობას ელიან.

ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილ-მაისში ვიზიტორთა რაოდენობა უკვე 61%-ით არის გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

“ძირითადად ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებს, ლაგოდეხის ნაკრძალს სტუმრობენ. შარშან ამავე პერიოდში 1283 ვიზიტორი გვყავდა, ხოლო წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2082-მდე გაიზარდა. შემდგომ თვეებში ჩვენ კიდევ ველოდებით ზრდას და რაოდენობა სავარაუდოდ, გაორმაგდება. დაცულ ტერიტორიებზე პირველ ადგილზეა ქართველი ვიზიტორები, შემდეგ გერმანია, რუსეთი, ჰოლანდია, ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი და ისრაელი. ამ ეტაპზე აზიური ქვეყნებიდან შესამჩნევი რაოდენობის ტურისტული ნაკადები არ არის, თუმცა გამორიცხული არაფერია. აქტიური ტურისტული სეზონი ახლა დაიწყო და შესაძლებელია, ვიზიტორების ზრდა აზიური ქვეყნებიდანაც იყოს”.

მისივე თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მდინარეზე 3 ხიდი მოეწყო, ასევე, 10 ფანჩატური და სანიტარულ-ჰიგიენური კვანძები. გარდა ამისა, დაცულ ტერიტორიებზე მოწყობილია მოსასვენებელი სკამები და ტურისტული თავშესაფარი. ფაქტობრივად, ტურისტული ბილიკები, რომელიც 130 კმ-მდეა და სხვადასხვა თანმდევი ინფრასტრუქტურაც ეწყობა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაფებით და ინსტალაციები. საკმაოდ ინტენსიურად მიდის სამუშაოები. ამ ეტაპზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე კარვის განსათავსებელ სპეციალურ ადგილებზე საშხაპეების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც მზის ენერგიას გამოიყენებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის მიზნით საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება, რადგან მუნიციპალიტეტი რაც უფრო მომზადებულია და რაც უფრო მოწესრიგებულია სატრანსპორტო ქსელი, ეს რა თქმა უნდა, ტურისტულ პოტენციალზეც აისახება.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტში 40 000 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო, რომელიც მოიცავს: საფეხბურთო მოედანს, ღია ტიპის კაფეს, საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, ხელოვნურ ტბას და მწვანე ნარგავებს. რეკრეაციული სივრცე შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ-ს შეადგენს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში მუშაობა კოორდინირებულად მიმდინარეობს”.