რას უნდა ველოდოთ რთველი 2025-ზე?
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ წლევანდელ რთველთან დაკავშირებით დეტალური სქემა მუშავდება, თუმცა ცნობილია ის, რომ სახელმწიფო, ყურძნის ჩაბარების შემთხვევაში, ფასს ხარისხის მიხედვით გადაიხდის და ერთი სტანდარტული ფასის ნაცვლად, ორი ფასი იქნება განსაზღვრული.
მან ამის შესახებ BMG-ის წლევანდელ რთველთან დაკავშირებით მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა.
“სქემა მუშავდება, ჯერ არ გვაქვს კონკრეტული ციფრები, თუმცა ერთი რაც დავაანონსეთ – თუ სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ყურძნის ჩაბარება, სახელმწიფო დააწესებს ორ ფასს. აღარ იქნება ის, რაც იყო წინა წლებში, რომ ნებისმიერი ჭარბი ყურძენი, რისი ჩაბარებაც უწევდა სახელმწიფო საწარმოს, ბარდებოდა ერთ ფასში. ფასი იქნება ორი, განსხვავება იქნება ხარისხში. ხარისხის კრიტერიუმებს რაც შეეხება, ყველა მევენახემ დარწმუნებული ვარ, იცის – ეს არის ყურძნის სიჯანსაღე და სიმწიფე, ანუ შაქრიანობა”,- ამბობს მეხუზლა.
კითხვას, არის თუ არა ეს ერთგვარად საწყისი ნაბიჯი რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლის მიმართულებით, ის ასე პასუხობს: “კი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შემდეგ, რაც დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები და ექსპორტის კუთხით მივაღწევთ მაჩვენებლებს, ვფიქრობ, სახელმწიფოს აღარ დასჭირდება ასე აქტიურად ჩარევა რთველში”.

