ახალი ამბები

დღეიდან ახალი ვიზუალის პასპორტებისა და პირადობების აღებას შეძლებთ

საქართველოში დღეიდან განახლებული დიზაინის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, დროებითი და მუდმივი ბინადრობის, ასევე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა იწყება.

იუსტიციის მინისტრმა შესაბამისი ბრძანდება მიმდინარე წლის 10 მარტს გამოსცა. ამ ბრძანების მიხედვით განახლებულ დიზაინზე დატანილი იქნება სრული სახითა და ერთ ფერში საქართველოს სახელმწიფო გერბი. გარდა ამისა, დოკუმენტებზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა.

განახლებულ დიზაინზე ფონური გამოსახულება ისე იქნება განლაგებული, რომ გაყალბების მიზნისთვის, მისი ობიექტებად დანაწილება იქნება რთული.

როგორი იქნება განახლებული პირადობები

ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტზე დატანილი იქნება: სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ადგილი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი, პირადი ხელმოწერის ნიმუში, მოწმობის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

„გარდა ამისა, დოკუმენტებზე დატანილ იქნება ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი, შესაბამისი დახურული გასაღები და სერტიფიკატის გამცემი ორგანო; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემი ორგანო; მოწმობის წვდომის კოდი (CAN – Card Access Number); QR კოდი, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“, – აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 4-ივნისამდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.

დღეიდან იწყება განახლებული დიზაინის პასპორტების გაცემაც, გარდა ზემოთაღნიშნული დოკუმენტებისა, დღეიდან იწყება განახლებული ვიზუალის მქონე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის გაცემა. თუმცა, 4 ივნისამდე გაცემული დოკუმენტები ვადის გასვლამდე კვლავ ძალაში იქნება.

რაც შეეხება ახალ ვიზუალს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პასპორტის ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა და 1 ორგვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი). აქვე შეგახსენებთ, რომ ძველი დიზაინის პასპორტი 48-გვერდიანია.

აღსანიშნავია, რომ პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას, მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენების მიმართ.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი და ა.შ.