რა ვალდებულებები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს და რას შეამოწმებენ მონიტორები ბინაზე
პატრონიანი ცხოველების კარდაკარ მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
მათი განმარტებით, მონიტორინგის მიზანი პატრონიანი ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა. სააგენტოს ცნობითვე, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს კარდაკარ განახორციელებენ.
„ჯგუფები წინასწარ შედგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან და შეამოწმებენ შემდეგ საკითხებს:
- ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
- სტერილიზაცია-კასტრაცია (შერეული ჯიშის ცხოველების შემთხვევაში);
- ვაქცინაცია;
- საცხოვრებელი პირობები;
- კანონმდებლობით განსაზღვრული მოვლა-პატრონობის სხვა წესების დაცვა.
- სააგენტო შემოწმებული მეპატრონეების მონაცემთა ბაზას შეადგენს, სადაც თითოეული მეპატრონე აღირიცხება და დარღვევ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში, ის განმეორებით გადამოწმდება.
სააგენტოს თანამშრომლები პატრონებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავიანთი ცხოველების ჩიპირებისა და რეგისტრაციის მომსახურებას ადგილზე შესთავაზებენ,“ – აღნიშნულია ცხოველთა მონიტორინგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

