ახალი ამბები

სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის ქონება შესაძლოა, გაკონტროლდეს – საკანონმდებლო წინადადება

სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის ქონება შესაძლოა, საერთო სასამართლოების მიერ გაკონტროლდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

მეტიც, ბიუროს გადაწყვეტილებით, ინიციატივა შესაბამის განხილვას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაივლის.

საკანონმდებლო წინადადების, სახელწოდებით – “საერთო სასამართლოების მიერ სოციალური შემწეობის მოსახლეობის ქონებრივი კონტროლის შესახებ” ავტორია ზურაბ ვანიშვილი. როგორც შესაბამის დოკუმენტში მოქალაქე აღნიშნავს, საერთო სასამართლოებში არსებული დავების ანალიზი ადასტურებს, რომ თვეში 50-ლარიანი სოციალური შემწეობის მიმღებთა გარკვეული თუ გაურკვეველი ნაწილი, ამავდროულად ცხოვრობს ქირით. თუმცა, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი განმარტავს, რომ ისინი შემდეგ ამ ქირის თანხებს, სხვა მოქალაქეებს აკისრებენ სასამართლოს მანიპულაციების გზით. მისი თქმით, “ვითომ ქირის არგადახდის პირობით, ისინი სასამართლო დავებს იგებენ”.

“არც საჯარო რეესტრისთვის არის ცნობილი ამგვარი ქირავნობის ხელშეკრულებები. სასამართლოები კი – საჯარო რეესტრის ამონაწერებითაც კი არ ინტერესდებიან, ისე აკისრებენ ქირის თანხებს ამ სოციალურ დაუცველ პირთა მოპასუხეებს, სხვადასხვა საბაბით. ამ ქაოსური მდგომარეობით მოსარგებლე პირთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამ პირობებში, მიზანშეწონილია, რომ საერთო სასამართლოებს, შემოსავლების სამსახურს, სოციალური

მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრს გააჩნდეთ ერთიანი მონაცემთა ბაზა, რათა გამოირიცხოს მსგავსი უკანონობის პრეცედენტები”, – ვკითხულობთ წინადადებაში.

მოქალაქე განმარტავს, რომ ცვლილებების მიხედვით, თუ სოციალური შემწეობის მიმღები პირი სასამართლოში წარადგენს ქირავნობის ხელშეკრულებას, სოციალური მომსახურების სააგენტო შეუწყვეტს ამ პირს სოციალური შემწეობის გადახდას და მისთვის გამოყოფილ სოციალურ საცხოვრისს სხვა პირს გადასცემს, ვინც მართლაც სოციალურად დაუცველია.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იყოს საქართველოს კანონი “საერთო სასამართლოების მიერ სოციალური შემწეობის მოსახლეობის ქონებრივი კონტროლის შესახებ”, რომლის თანახმადაც შეიქმნება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა და ყველა სასამართლო დავა გახდება ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის და სხვა დაინტერესებული სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ასევე – სოციალური საცხოვრისით სარგებლობა სავალდებულო

წესით უნდა დაექვემდებაროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რათა საერთო სასამართლოებს და სხვა უწყებებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააჩნდეთ წვდომა 671,337 პირის სოციალური საცხოვრისის მონაცემებთან” , – აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.