სამოქალაქო აქტივისტები – დემოკრატიას დაცვა ყოველთვის სჭირდება
მოქალაქეები უწყვეტ პროტესტს განაგრძობენ. დღეს 20 მაისს, პროტესტის 174-ე დღეს, აქციები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებშია დაანონსებული.
მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ რომ პროტესტს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ნებისმიერ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დემოკრატიას დაცვა სჭირდება. კახეთის რეგიონში, საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში ძირითადად, თელავსა და ახმეტაში იმართება.
მათე წვერაიძე, სამოქალაქო აქტივისტი ახმეტა:
,,სამოქალაქო აქტივიზმი თავის არსით დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ნათლად აქვს გააზრებული მისი ეს მნიშვნელობა, რაც გამოიხატება იმ 6 თვიან უწყვეტ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. 6 თვეა ყოველდღიურად იკეტება რუსთაველი. ამ აქციებმა თავისი გარკვეული შედეგებიც გამოიღო სანქციების სახით. ,,მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ კი, უფრო ნათლად გამოჩნდება შედეგები.
ჩემი მოლოდინია, რომ გვექნება ხელახალი არჩევნები და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს.
ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, მჯერა რომ გავხდებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი”.
ანა პაჭიკაშვილი, ,,საქართველოს უდიები“:
,,ვფიქრობ, რომ პროტესტს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა ნებისმიერ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ დემოკრატიას დაცვა სჭირდება. ამისთვის ყოველთვის მოწოდებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება. ეხლა კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყანა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს საქართველოში, პროტესტანტებზე ძალადობას, უკანონო პატიმრობას და ითხოვენ ხელისუფლების გადადგომას.
ვფიქრობ, აქციები ლეგიტიმურია, სწორია და მნიშვნელოვანია რადგან ყველა ხელისუფლებას, რომელსაც ძალაუფლება უტკბება, სჭირდება იმისი შეხსენება რომ ძალაუფლება არის მხოლოდ ხალხი.
ისინი არიან ჩვენს მიერ დროებით დაქირავებულები მოხელეები. რომლებიც მხოლოდ იმიტომ დავიქირავეთ რომ შეასრულონ საჭიროებები რაც ჩვენ გვაქვს”.
ევა გუმაშვილი, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი:
,,სამოქალაქო აქტიურობა ძალზე მნიშვნელოვანია რადგან როდესაც მოქალაქეები ჩართულები არიან საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებში ამას მოაქვს სასიკეთო ცვლილებები საზოგადოებისათვის.
აქციები თითქმის 6 თვეა რაც გრძელდება, ადამიანების დიდი ნაწილი დაიღალა და გაეთიშა პროცესებს. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და მიზნების მიღწევას.
მიმაჩნია, რომ მხოლოდ თბილისში მაცხოვრებელთა პასუხისმგებლობა არ არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა. ხალხი არის უკმაყოფილო, გაბრაზებული და მნიშვნელოვანია ამისი ჩვენება.
ეს ქვეყანა ყველასია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტს ქალაქებში.
ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზებია – შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საფრთხე. შესაძლოა თუ არა შეჩერდეს ან გაუქმდეს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის? – ევროკავშირში ასეთი შესაძლებლობა არ გამოირიცხება.
ნიკა სიმონიშვილი, იურიდიული სააგენტო ,,იუნითი“:
,,ვიზალიბერალიზაციის, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას არ სჭირდება ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში. ამისათვის ქვეყნების უმრავლესობის გადაწყვეტილება საკმარისია. მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რესურსი ევროკავშირში არსებობს რაც დაადასტურეს კიდეც”.
რა დროს და როგორ ხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება?
თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ჯერ 9- და შემდეგ 18-თვიანი ეტაპის ფარგლებში ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება და ქვეყანა [რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია შეუჩერდა] – პროგრესს არ აჩვენებს, შესაძლებელია დადგეს ამ რეჟიმის სრულად გაუქმების საკითხი.
ევროკომისიას შეუძლია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს [მინისტრების დონეზე]. განხილვა საჭიროებს ორდინარულ საკანონმდებლო პროცედურებს.
თუკი ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება – ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მქონეთა სიიდან [Annex II] შესაძლოა გადაინაცვლოს იმ ქვეყნების სიაში [Annex I], რომელთა მოქალაქეებსაც ვიზები ესაჭიროებათ.
ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ორდინარული საკანონმდებლო პროცედურის დროს – საკითხს პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო პარალელურ რეჟიმში განიხილავენ.
გათვალისწინებულია საკითხის 3 მოსმენით განხილვა – როგორც ევროპარლამენტში, ასევე საბჭოში. პარლამენტს შეუძლია საბჭოს პოზიციის ჩაგდება და პირიქითაც.
სხვადასხვა ეტაპზე, საკითხს უბრალო უმრავლესობის [მომხრე მეტია მოწინააღმდეგეზე] და აბსოლუტური უმრავლესობის [სრული სიის უმრავლესობა] თანხმობა ესაჭიროება. თუკი შეთანხმებას სწრაფად მიაღწიეს, პროცესი შესაძლოა პირველი მოსმენის ეტაპზევე დასრულდეს.
როგორც შეჩერების, ასევე გაუქმების საფუძვლები მტკიცედ უნდა იყოს დასაბუთებული.

