ახალი ამბები

პურის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

სასურსათო მაღაზიებსა და თონეებში, პურის ფასი შესაძლოა, 5 თეთრით კვლავ გაიზარდოს.

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დირექტორი, ალექსანდრე რატიშვილი, გადაცემაში „ანალიტიკა“ პურის ფასზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პურის გაძვირება გარდაუვალი პროცესია, რადგან ყველა კომპონენტი, რომელიც მისი წარმოებისთვის აუცილებელია, მკვეთრად ძვირდება.

,,პურის წარმოების ყველა კომპონენტი – ნედლეული, კომუნალური გადასახადები, შრომის ანაზღაურება და სხვა – ყველაფერს აქვს გავლენა ფასების ზრდაზე. თუ ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშია, მაშინ თითოეული კომპონენტი მოგებაზე მუშაობს. ინფლაცია, კურსის ცვალებადობა და სხვა საერთაშორისო ფაქტორები პერიოდულად ანიჭებს გავლენას ფასებზე.
ეკონომიკური ფაქტორების ფონზე, ყველა კომპონენტი – პურის წარმოების ნედლეული, კომუნალური გადასახადები, შრომის ანაზღაურება – ძვირდება. ძვირდება ფქვილიც, ზეთიც, მარილიც, საფუარიც, ელექტროენერგიაც და ა.შ. და ამას დამატებული ხელფასები იმ მუშა-მოსამსახურეების, რომლებიც ამ პროდუქტს ქმნიან. თუ ფასები არ გაიზრდება, ბიზნესს უბრალოდ მოუწევს დახურვა”.

ბიზნესმენის განმარტებით, სახელმწიფოს დარეგულირება შესაძლოა, იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო ტარიფების ამოქმედებით მოხდეს, რაც ბიუჯეტში 50 მილიონ ლარამდე თანხის აკუმულირებას გამოიწვევს.

„ყველას არ სჭირდება პურზე სუბსიდირება, ამიტომ ეს თანხა უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მას ნამდვილად საჭიროებენ.“

ცნობისათვის, გასულ თვეში, პურის ფასმა 10-დან 20 თეთრამდე უკვე მოიმატა. გამყიდველები პურის გაძვირებას ფქვილზე ფასის ზრდით ხსნიდნენ.