ქართული ღვინო საფრანგეთში, ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საფრანგეთში ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია.
სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე Les Festives Gourmandes იყო წარმოდგენილი.
სააგენტო 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის საფრანგეთში.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველომ საფრანგეთში 509 350 დოლარის (82,059.25 ლიტრი) ღვინო გაიტანა, რაც ღვინის მთლიან ექსპორტში უმნიშვნელო – 0.2%-იანი წილია. ოფიციალური სტატისტიკით, 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი 6.2 დოლარია.
საქართველოდან საფრანგეთში ღვინის ექსპორტი მაქსიმალური, 1.2 მლნ დოლარი 2022 წელს იყო, მას შემდეგ კი კლებულობს და 2023 წელს 590 710 დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში კი საფრანგეთში 163 820 დოლარის ღვინოა ექსპორტირებული, რაც წლიურად 23%-ით მეტია.

