ახალი ამბები

ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

2025 წლის პირველ კვარტალში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. კერძოდ, საშუალო ფასი ერთი ცხოველის დაკვლაზე დაახლოებით 2 ლარით გაიზარდა და 28.7 ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის პირველ კვარტალში ფასი 26.9 ლარი იყო.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების I კვარტალის გამოკვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირი მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის დაკვლა ღირს – 40.7 ლარი ერთეულის შემთხვევაში. საშუალო ფასის მატებაც მეტწილად ამ მომსახურებამ განაპირობა. ღორის დაკვლა 32 ლარი ღირს (გასულ წელს 30.7 ლარი ღირდა), ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლა 15.8 ლარიდან 12.5 ლარამდე გაიაფდა.

ამასთან, წელს, საანგარიშო პერიოდში შემცირდა დაკლული პირუტყვის რაოდენობა. 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში სულ 2 986 716 ფრინველი და ცხოველი დაიკლა (2024 I კვარტალში 3,089,446), მათ შორის 35,720 მსხვილფეხა პირუტყვი, 5,308 – ცხვარი და თხა, 64,751 – ღორი, 2,879,217 – ფრინველი და 1,720 – სხვა.

ჯამში წარმოებული ხორცი 14,081,172 კგ იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი წარმოებული ხორცი 14,140,555 კგ-ს შეადგენდა.

ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 1039-ს შეადგენს, გასული წლის I კვარტალში კი 1061 იყო.

რაც შეეხება სასაკლაოების რაოდენობას, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში 114 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის I კვარტალში მათი რაოდენობა 121 იყო.

ამჟამინდელი 114 სასაკლაოდან 19.3% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.5% – შიდა ქართლის რეგიონში, 15.8% – იმერეთის რეგიონში, 14.0% – ქვემო ქართლის რეგიონში, 9.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.9% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.8% სხვა რეგიონებშია განთავსებული.