ახალი ამბები

„ჭრიჭინა“ – თელავის მუნიციპალიტეტში პირველი ჩურჩხელის კანფეტის წარმოება დაიწყეს

ბაზარზე ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულის ახალი ბრენდი „ჭრიჭინა“ გამოჩნდა. ეს არის ქართულ ბაზარზე პირველი ჩურჩხელის კანფეტი, რომელიც კახეთში იწარმოება.

როგორც Business Insider Georgia-სთან ტკბილეულის ბრენდ „ჭრიჭინა“-ს დამფუძნებელმა, მცირე მეწარმე თამარ გაგნიძემ განაცხადა, ბრენდის შექმნა ბაზარზე ჩურჩხელის ფალსიფიკაციის მაღალმა დონემ აიძულა და ასე დაიბადა პირველი ჩურჩხელის კანფეტის იდეაც.

„საქართველოში ჩურჩხელას ბევრი აწარმოებს, თუმცა ბაზარზე რთულია ნატურალური ჩურჩხელა მოიძიო. ბოლო პერიოდში ჩურჩხელის დამზადება სხვადასხვა ფერებით და ქიმური შენაერთებით ხდება. მე როგორც კახელმა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დამემზადებინა ნატურალური ჩურჩხელა და დამებრუნებინა ბავშვობის გემო. საწყის ეტაპზე წარმოება მცირე რაოდენობით დავიწყე და ძირითადად ახლობლებში ვყიდდი. ბოლოს კი გადავედი ონლაინ გაყიდვებზე და ეტაპობრივად ვაფართოებ ონლაინ აუდიტორიას და გაყიდვებს. ამ ფონზე გადავწყვიტე, რომ ჩამომეყალიბებინა ბრენდი და შემექმნა ისეთი შეფუთვა, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნებოდა როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელებისთვის. ჩვენი პროდუქტიული ლაბორატორიულადაც უკვე დამოწმებულია“, – განაცხადა თამარ გაგნიძემ.

მცირე მეწარმე განვითარებას ფიქრობდა და საბოლოოდ გრანტის მოპოვებაც შეძლო, რიტაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში მცირე საწარმოც აამოქმედა. იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს საწყის ეტაპზე „ჭრიჭინამ“ სოციალურ ქსელში მარკეტინგული კამპანიის წარმოება დაიწყო.

,,მინდვორქსის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შექმნილი „ჭრიჭინა“ არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მეწარმეებს ტრადიციული სასუსნავი თანამედროვე ცხოვრების სტილს მოარგონ.

სტარტაპი არის პროექტის ნაწილი, რომელიც Mindworks-ის მიერ, SOS ბავშვთა სოფელი • SOS Children’s Villages Georgia-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობას სამეწარმეო უნარების განვითარებით 11 წარმატებული სტარტაპ იდეის შემუშავებისა და განხორციელების გზით. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ“, – აღნიშნულია Mindworks-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.