ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირება 88 კომპანიაში ჩაატარა – დარღვევა 4 ნიმუშზე გამოვლინდა
2025 წლის პირველ კვარტალში „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ ინსპექტირება 88 კომპანიაში, 127 ნიმუშზე ჩაატარა – დარღვევა 4 კომპანიის 4 ნიმუშში გამოვლინდა.
ინსპექტირება საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ემსახურებოდა.
„2025 წლის პირველ კვარტალში 88 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 4 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება“, – აღნიშნულია „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ოფიციალურ განცხადებაში.
ასევე, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 64 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად, ხოლო 109 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.

