გერმანია ლტოლვილთა მიღებას წელიწადში 100 000-მდე შეზღუდავს
გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში ახალი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას წელიწადში 100 000-ზე ნაკლებ ადამიანამდე შეამცირებს.
ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რასაც Zeit ავრცელებს
„ჩვენი იდეაა, ეს რიცხვი ამთავითვე მნიშვნელოვნად შევამციროთ. მიღებული ლტოლვილების რაოდენობა ექვსნიშნა რიცხვს აღარ უნდა შეადგენდეს. ქალაქები, მუნიციპალიტეტები, სკოლები, საავადმყოფოები და ჩვენი ინფრასტრუქტურა გადატვირთულია,“ – აცხადებს მერცი.
მისი თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის შესამცირებლად ახალი მთავრობა, გერმანიის მთავარ პარტიებთან კოალიციური შეთანხმების შესაბამისად, „მეტი ადამიანის“ დეპორტაციას მოახდენს და მიგრანტთა ოჯახების გაერთიანებას შეაჩერებს. ამ ქმედებებში ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, ავსტრიის მთავრობასთან უკვე კოორდინაციაშია, რომელიც „ამ პრობლემის მოგვარებით, ასევე, დაინტერესებულია.“