ახალი ამბები

მზად არიან თუ რა უწყებები ადრეული გაფრთხილების სისტემების დასანერგად – აუდიტი

საქართველოს მთელი ტერიტორიაზე 11 გეოლოგიური მონიტორინგის სისტემა უნდა განთავსდეს.
აუდიტის სამსახურმა ადრეული გაფრთხილების სისტემის მარეგულირებელი დოკუმენტები და მასთან დაკავშირებული ასპექტები შეისწავლა
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არ არის შემუშავებული/გაანალიზებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას აფერხებს. ამასთან, აუდიტის შეფასებით, განახლებას საჭიროებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა.მოკვლევაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს ინტეგრირებული ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს და მაკოორდინირებელ უწყებას. ამასთან, არ არის განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება. აუდიტის მიხედვით, არ არის განსაზღვრული გარემოსთან დაკავშირებული სტრესების და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფის ამოცანაზე პასუხისმგებელი უწყება. გარდა ამისა, არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზა.
“არ არსებობს სამეცნიერო და ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობის , ინფორმაციის მიმოცვლის პროცესების მომწესრიგებელი დოკუმენტები, რის გამოც იკარგება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის და სხვა რესურსების გამოყენების შესაძლებლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
გაუმართავია ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების მიზნით. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები. არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პრაქტიკა. არ არსებობს ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი. არ არსებობს ცენტრალიზებული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემა, საგანგებო სიტუაციების სატელეკომუნიკაციო გეგმა ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების გასავრცელებლად”,
– აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.