საქართველოში ნათესი ფართობები გასულ წელს, შემცირდა
საქართველოში ნათესი ფართობები გასულ წელს, შემცირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
„წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 195.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4 პროცენტით ჩამორჩება.
საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 8.1 პროცენტით და შეადგინა 61.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2 პროცენტით და შეადგინა 134.4 ათასი ჰექტარი.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 71.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 54 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 24.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 14.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.9 ათას ჰექტარს შეადგენდა,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.