ახალი ამბები

„მაჭის ციხე“ ლაგოდეხში

მაჭის ციხე (თოღა) – ციხე-დარბაზი და ეკლესია, მდებარეობს კახეთში, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან.

მაჭი იყო კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. შემორჩენილია ნანგრევები (კედლების, კოშკ-ბურჯების, ეკლესიის, გადახურული წყალსაცავის, ხაროებისა და სხვა). ციხე-დარბაზის ნანგრევებში, თითქმის ცენტრში, შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, მისი აგების თარიღი არ იკითხება, ტაძარი სავარაუდოდ ალექსანდრე II-ის დროს უნდა იყოს აშენებული (1574-1605 წწ.).

ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს ტაძრის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, კერძოდ – მოიხსნა დამიწებული ნაშალი ტაძრის გარე პერიმეტრსა და ინტერიერში; კამარა განთავისუფლდა მცენარეული საფარისა და დამიწებული ნაშალისაგან; აღდგა დაზიანებული კარნიზები; დაარმირდა და კირხსნარით შეივსო ტაძრის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებზე არსებული ბზარები; ნაწილობრივ გადაეწყო კამარა; დამზადდა და დამონტაჟდა ლარიქსის ჯიშის ხის ორი კარი; ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.