ახალი რეგლამენტით, დეპუტატებს ხელფასის 5% ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც დაუკავდებათ
დეპუტატებს ხელფასის 5% დაუკავდებათ არა მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტის და პლენარული სხდომის დატოვების შემთხვევაში, რასაც მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს, აგრეთვე ბიუროს სხდომისა და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც.
ამ ფორმის სანქცია ახალი რეგლამენტის პროექტით შემოდის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
არსებული კანონით, რეგლამენტის დარღვევისთვის პარლამენტის წევრის მიმართ გათვალისწინებულია შემდეგი სანქციები: – სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა, გაფრთხილება, კომიტეტის სხდომის და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზის დატოვება და ხელფასის დაკავება.
პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სანქციის სახით კომიტეტის სხდომის ან პლენარული სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნის გამოყენება ხდება, შესაბამისი თვის ხელფასის 5% უკავდება. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად კი, დეპუტატებს ხელფასის 5% ბიუროს სხდომის და დროებითი კომისიის სხდომის დატოვების შემთხვევაშიც დაუკავდებათ.
ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება. ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.