ეკა ბეჟანიშვილი- 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირი ტიბაანიდან
ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული ყველაზე პატარა გმირია.
ის წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. 16 წლის ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.
როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.
ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა. ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა – „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოსო“.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

