ახალი ამბები

ODIHR – საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო

ეუთო-ს ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს, სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო.

ODIHR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ახლად მიღებული კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც, მაგალითად, უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო ყველა პიროვნებასა და ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესებში მოქმედად თვლის და უცხოურ აგენტად რეგისტრაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებს, “ზრდის შეშფოთებას ბოლო დროს მიღებულ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის უარყოფით გავლენაზე”.

“კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

ასევე, აღინიშნება, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის გადატანას “ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ” და განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში.

ODIHR-ი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ყურადღებით ხელახლა შეფასება.

“ეუთო-ს წევრმა ქვეყნებმა შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ვალდებულება აიღეს. მათ ასევე აღიარეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინ წასაწევად სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ უნდა არღვევდეს პოლიტიკურ და საჯარო მონაწილეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.