ახალი ამბები

“გურჯაანში “კავკასიის უნივერსიტეტის გასტრო აკადემიის” მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს” – შენგელია

“კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის, კახა შენგელიას განცხადებით, “გურჯაანის კავკასიის უნივერსიტეტის გასტრო აკადემიის” სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გურჯაანში განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ბასკებთან და usaid-თან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მისი დასრულება 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა როგორც შენგელია ამბობს, სამუშაო პროცესი უცნობი მიზეზით გადავადდა და სავარაუდოდ, 2026 წელს დასრულდება, რის შემდეგაც პროფესიულ კულინარიული სასწავლებელში სტუდენტების მიღებაც დაიწყება.

“გურჯაანის კავკასიის უნივერსიტეტის გასტრო აკადემია” მშენებლობის პროცესშია და ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს”, – ამბობს “კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი.

ქვეყანაში გასტრო ტურიზმის განვითარების მიზნით შექმნილი პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის განვითარებაში, 50 სტუდენტზე გათვლილ კამპუსს, სპორტულ დარბაზსა და რეკრეაციულ სივრცეს მოიცავს. აკადემია სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან.

სასწავლებელი კულინარიული ხელოვნების 24-თვიანი ტრენინგს მოიცავს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასევე შესაძლებელი იქნება უნარების გასაუმჯობესებელი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების გავლა, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან საცხობი და საკონდიტრო ნაწარმის, საკვებისა და სასმელების მენეჯმენტს, გასტრონომიულ და ავანგარდულ ტენდენციებს, კრეატიულობასა და გაფორმების ხელოვნებას.

ცნობისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში 3-4 ათასი სტუდენტის მიღება, თბილისში კი 2-3 ათასი სტუდენტით გაზრდას იგეგმება. თბილისის, ბათუმის და გურჯაანის საგანმანათლებლო პროექტებზე ჯამში 500 მლნ დოლარის ინვესტირებაა დაგეგმილი.