თელავის აეროპორტი პირველ ფრენებს მაისში ვერ განახორციელებს
თელავის აეროპორტის მშენებლობა, საიდანაც შიდა ფრენები 2025 წლის მაისიდან უნდა შესრულდეს, არც დაწყებულა.
გასულ წელს აქტიურად საუბრობდნენ თელავის აეროპორტის მშენებლობაზე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძე აღნიშნავდა, რომ იგეგმებოდა, თელავის აეროპორტი პირველი ფრენებისთვის 2025 წლის მაისისთვის ყოფილიყო მზად, რათა იგი ყველა სხვა შიდა აეროპორტს დაკავშირებოდა.
გაცილებით ფართო გეგმების შესახებ აცხადებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. როგორც მან გასული წლის მარტში აღნიშნა, თელავის აეროპორტიდან სამომავლოდ საერთაშორისო რეისების განხორციელებაც იგეგმება.
იმისთვის, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა დაიწყოს, ტენდერი აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გამოაცხადოს, თუმცა მანამდე პრემიერ-მინისტრის განკარგულების გამოცემაა საჭირო. Bm.ge-ის კითხვას იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, პასუხი არ გასცეს.
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინისა და პროექტირების ავტორი არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კომპანია შპს “ხმალაძე არქიტექტორებია”, რომელმაც 2023 წლის ბოლოს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ამ დრომდე თელავის აეროპორტ „მიმინოს“ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სასწავლო მიზნებისთვის იყენებს.