ახალი ამბები

საქართველოში 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის 147 წარმომადგენელი გახდა რეპრესიების სამიზნე

საქართველოში 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის 147 წარმომადგენელი გახდა რეპრესიების სამიზნე.

როგორც მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) აცხადებს, ქართული მედია ამ დღეს, სამწუხაროდ, ასეთი შედეგით ხვდება:

“მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი აღწერა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა”

ორგანიზაციის განცხადებით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა. ბოლო პერიოდში ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაფიქსირდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც.