ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭათ
ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს იარაღის ტარების უფლება მიენიჭათ. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში შევიდა.
ცვლილების თანახმად, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, დაემატა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარე და არჩეული წევრებიც.
“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს”, – წერია დადგენილების ცვლილებაში.
აღსანიშნავია, რომ იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, საკმაოდ ვრცელია. მათ შორისაა თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, ასევე დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორები და მოლარეები სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს, სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას და სხვა.