ახალი ამბები

150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მხოლოდ ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსებს შეეძლებათ მგზავრების გადაყვანა

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რომ საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა დამონტაჟდეს.

მისი თქმით. ახალი ცვლილებებით, მძღოლები ვალდებულებას იღებენ, ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ როგორც ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი, ასევე ჯანმრთელობის ცნობა.
მისი განმარტებით, ახალი კანონი ასევე, ითვალისწინებს გარკვეული წესების შემოღებას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, ვეღარ განახორციელებს 150 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე სამარშრუტო ტაქსი გადაყვანას. მხოლოდ და მხოლოდ იქნება ევრო 4-ის სტანდარტის ავტობუსები, მაღალგაბარიტიანი. ეს ავტობუსი არ უნდა იყოს 20 წელზე მეტი ხნის და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ალბათ, ძალიან მალე იქნება მოთხოვნა, რაც ბევრ ევროპულ ქალაქში არის, ეს არის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დაყენება საქალაქთაშორისო გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე“,-განაცხადა ირაკლი იზორიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ, რის გამოც აუცილებელია ასეთი მოწყობილობის დაყენება, რაც რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ამასთან, როგორც ირაკლი იზორიამ განმარტა, ევროკავშირის დირექტივებით, დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ, აუცილებლად უნდა გაჩეროს მძღოლმა ავტომობილი და შეისვენოს, რომ მან სრულფასოვნად შეძლოს ავტომობილის მართვა.

„გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა. აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.