საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდების ემიგრაციაა – EBA
ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში (EBA) აცხადებენ, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამუშაო ძალის დეფიციტია.
საქმე ისაა, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კომპანიები მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მეორე ადგილზე კადრების დეფიციტს ასახელებენ.
როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ჯონ ბრეკეველდტმა BMG-სთან განაცხადა, თავის მხრივ, სამუშაო ძალის ნაკლებობას საქართველოდან ემიგრაციის მაღალი დონე იწვევს. მისი თქმით, ამ ნაწილში განსაკუთრებული გამოწვევა ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლაა.
„საქართველოსთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის კი სათანადო სამუშაო ძალაა საჭირო. ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სამუშაო ძალის დეფიციტია. თავის მხრივ, დეფიციტის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ქვეყნიდან მოქალაქეების მაღალი ემიგრაციის დონითაა გამოწვეული, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც მათ შორის, არასტაბილური ვითარების გამო საქართველოს ტოვებენ.
სწორედ ახალგაზრდები არიან პოტენციური სამუშაო ძალა, რომლებიც საქართველოს ტოვებენ. კვალიფიციური სამუშაო ძალა საქართველოში კვლავ არის, თუმცა მათი რაოდენობა მცირდება, ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოწვევაა. მათ, ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოში მომავალი არსებობს, რასაც ისინი ახლა ვერ ხედავენ“, – განაცხადა ჯონ ბრეკეველდტმა.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტის კიდევ ერთი მიზეზი კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო სფეროს შორის ნაკლები თანამშრომლობაა.