EU-ს დაფინანსებით, ახალი პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის” დაიწყო
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, დაიწყო ორწლიანი პროექტი “იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” [REACT].
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად.
როგორც bm.ge-ის ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, საუბარია 24-თვიან პროექტზე, რომელიც 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან 1,5 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსებაა გათვალისწინებული.
“პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია ადგილობრივი სათემო ინიციატივების განხორციელებაზე, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობაზე. პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად”, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში.
26-27 თებერვალს კი რეგიონულ პარტნიორებთან ერთად გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დეტალურად განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები.
2025 წლის მარტის თვიდან პროექტის განმახორციელებელი გუნდი საქართველოს რეგიონებში ჩაატარებს შეხვედრებს და ფართო საზოგადოებას გააცნობს პროექტის მიზნებსა და დაგეგმილ საქმიანობებს.

