EU-ს მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მაცნეზეც გამოქვეყნდა
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ 2025 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ეხება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას, შესაბამისად მისი გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოსაც გააჩნია, რის გამოც მისი ქართული თარგმანი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა გახდა. ეს ზომა ასევე პასუხი იყო მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ გახსნის. ევროპულმა საბჭომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეკომენდაცია 2024 წლის 16 დეკემბერს გასცა, 27 იანვარს კი აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც მიიღო.
„ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების მოქმედების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ
1. „ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმება („გამარტივების შეთანხმება“) ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.
2. გამარტივების შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს, ნაცვალგების საფუძველზე, ვიზების გაცემას არაუმეტეს 90 დღისა ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. გამარტივების შეთანხმება ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებას და ღირებულებების გაზიარებას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას.
3. გამარტივების შეთანხმების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თითოეულ მხარეს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება საჯარო წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით მეორე მხარეს ეცნობება მის ძალაში შესვლამდე არაუგვიანეს 48 საათისა. ის მხარე, რომელმაც ამ შეთანხმების მოქმედება შეაჩერა, დაუყოვნებლივ აცნობებს მეორე მხარეს მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.
4. 2024 წელს საქართველომ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი. აღნიშნული ზომები შეფასდა როგორც ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების უფლების, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლების ძირგამომთხრელი და როგორც სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის გამაძლიერებელი.
5. 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ თავის დასკვნებში ხაზი გაუსვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი წარმოადგენდა კანდიდატის სტატუსის თაობაზე კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი ნაბიჯებიდან უკუსვლას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, განემარტა თავისი განზრახვები მოქმედების კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, რამაც გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. ევროპულმა საბჭომ თავის 2024 წლის 17 ოქტომბრის დასკვნებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედების ასეთმა კურსმა საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების პროცესი, და მოუწოდა საქართველოს, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები.
6. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, 2028 წლამდე არ დაეყენებინა დღის წესრიგში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირთან. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს მრავალ ქალაქში მასობრივი პროტესტები გამოიწვია, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ასევე, თვითნებური დაპატიმრებებით და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობით.
7. საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. კერძოდ, ეს ქმედებები პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.
8. ამ ფონზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში კომისიის მე-7 ანგარიშში, ხაზი გაესვა კომისიის შეშფოთების საპასუხოდ საქართველოს მიერ დაუყოვნებლივ გადასადგმელ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე.
9. წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის საჯარო წესრიგის დასაცავად, მიზანშეწონილი და პროპორციულია, წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ ვიზა მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროკავშირში, ვინაიდან აღნიშნული პირები წარმოადგენენ იმის საწინააღმდეგო ინტერესებს, რამაც უპირველეს ყოვლისა, უბიძგა ევროკავშირს, დაედო გამარტივების შეთანხმება. შესაბამისად, უნდა შეჩერდეს გამარტივების შეთანხმების გარკვეული დებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ მოქმედი დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისებს და გამარტივებულ პროცედურებს ხანმოკლე ვიზაზე განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის, კერძოდ, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წევრებისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრებისთვის, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.
10. წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოადგენს შენგენის კანონმდებლობის დებულებების განვითარებას, რომელშიც ირლანდია არ იღებს მონაწილეობას, საბჭოს 2002/192/EC2 გადაწყვეტილების თანახმად; შესაბამისად, ირლანდია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება.
11. დანიის პოზიციის შესახებ N22 ოქმის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის „ევროპის კავშირის შესახებ“ ხელშეკრულებას და „ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ“ ხელშეკრულებას, დანია არ მონაწილეობს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებაში და არ არის შებოჭილი ან მასზე არ ვრცელდება წინამდებარე გადაწყვეტილების მოქმედება.
12. საქართველოში შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან.
მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
მუხლი 1
2025 წლის 29 იანვრიდან შეჩერებულია „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ შეთანხმების („გამარტივების შეთანხმება“) შემდეგი დებულებების მოქმედება:
ა) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ ოფიციალურ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;
ბ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან მიმართებით;
გ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების მუდმივ წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;
დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;
(ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის (ა) ქვეპუნქტში მითითებულ კატეგორიებთან მიმართებით;
(ვ) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, სავიზო განაცხადების განხილვის მოსაკრებლებთან მიმართებით, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მოცემულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში;
(ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტები, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებთან და საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებთან მიმართებით, რომლებმაც, საქართველოსთვის გაგზავნილი ოფიციალური მოწვევის შედეგად, მონაწილეობა უნდა მიიღონ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებებში ან გაცვლით პროგრამებში, აგრეთვე, წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გასამართ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში;
(თ) მე-7 მუხლი, მოქალაქეთა და პირთა იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც მითითებულია მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (გ) და (ვ) ქვეპუნქტებში და მე-10 მუხლის 1-ლ პუნქტში;
(ი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, საქართველოს იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს.
მუხლი 2
წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან. შესრულებულია ბრიუსელში 2025 წლის 27 იანვარს.
საბჭოს სახელით, პრეზიდენტი
კ. კალასი
საქართველოში დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები; პარლამენტის წევრები; გენერალური პროკურორი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

