ახალი ამბები

საქართველოში პენსიას 864 300 ადამიანი იღებს – “საქსტატი”

2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 864.3 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.8% ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი – კაცი.

“საქსტატის” მონაცემების თანახმად, პენსიის მიმღებთა 30.5% თბილისშია, 15.6% – იმერეთში, 10.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10.2 % – ქვემო ქართლში, 8.6 % – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%-ია.

სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 185.4 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.7% ქალი იყო, ხოლო 67.3% – კაცი. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.1%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 13.1%-ს – ომის მონაწილეები, 11.3%-ს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.1%-ს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.5 %-ი თბილისშია, 15.9% – იმერეთში, 12.1% – აჭარის არ-ში, 9.4 % – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.1%-ია.

2024 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 390.8 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 128.6 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია – 77.1 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.2 ათასი.