ახალი ამბები

რა არის ტრიქინელოზი და როგორ ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში

ტრიქინელოზი ადამიანისა და ცხოველების მწვავე ჰელმინთური დაავადება, რომელსაც იწვევს 1,5 დან 4,5-მდე მმ-ის ზომის პარაზიტული ჭია -ხვიაბეწვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ტრიქინელოზით ავადდება როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი 1000-ზე მეტი სახეობის ცხოველი, რომლის ხორცის მიღების მერე, ადამიანიც ავადდება.

,,ადამიანი ტრიქინეზით ავადდება თერმულად ცუდად დამუშავებული ტრიქინელოზით დაავადებული, ვეტერინარულად შეუმოწმებელი ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად გამოყენებისას. საქართველოში ადამიანების უმეტესობაში ინფექცია ვითარდება ინვაზირებული ღორის ხორცით კვების შედეგად. ხორცის დამარილებით, შებოლვით ან გაყინვით (მაგ: ლორი) პარაზიტი არ კვდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაეცემა, ვინაიდან საკვების მომზადებისას, დიასახლისები გემოს უსინჯავენ ფარშს.
ღორების ტრიქინელოზით დაავადება განსაკუთრებით ხშირია მათი ნაგავსაყრელებზე და ტყეში კვებისას, რა დროსაც ჭამენ სხვადასხვა ცხოველთა ლეშსაც. ცხოველების ტრიქინელოზისგან განკურნების მეთოდები ჯერჯერობით საბოლოოდ დამუშავებული არ არის. ლაბორატორიული ვეტერინარული კონტროლისას გამოვლენილი ტრიქინელოზიანი ხორცის საკვებად გამოყენება დაუშვებელია და ექვემდებარება უტილიზაციას.

ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების ტკივილი, მატულობს ტემპერატურა. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, ე.წ. ეოზინოფილები, ამ დროს საგრძნობლად იმატებს (ნორმაში მათი რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ტრიქინელოზისას ზოგჯერ 30-70%-საც კი აღწევს). დაავადების სიმძიმე და კლინიკური ნიშნების გამოვლენის დრო დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტრიქინელების რაოდენობაზე, რაც უფრო ძლიერ დაივაზირებული ხორცია გამოყენებული საკვებად – მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. დაავადებას ხანგრძლივობის მიხედვით პირველადი (საწყისი) და მოგვიანებითი სიმპტომები ახასიათებს. დაავადების პირველადი, ანუ საწყისი (დაავადების პირველ კვირაში) ნიშნები და სიმპტომებია: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და პირღებინება”,- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, დაავადებას მოგვიანებით დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახასიათებს ე.წ. მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები: კუნთების ტკივილი და მგრძნობელობის მომატება, ტემპერატურის მატება, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, სისუსტე, თავის ტკივილი, მგრძნობელობის მომატება სინათლისადმი, კონიუქტივიტი, ყლაპვის გაძნელება და სხვა.

,,ტრიქინელების თვალში შეჭრის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ცალი ან ორივე თვალით სიბრმავე. იშვიათად ტრიქინელები იჭრებიან თავის ტვინშიც, რაც მძიმე ენცეფალიტს განაპირობებს.
ტრიქინელოზის მკურნალობა – დაავადების სამკურნალოდ მედიკამეტებიდან ძირითადად გამოიყენება ალბენდაზოლი (ნემოზოლი) ან მებენდაზოლი (ვერმოქსი), პაციენტის ასაკისა და წონის გათვალისწინებით, რაც ყოვლი პაციენტისთვის აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იქნეს განსაზღვრული. მკურნალობის პერიოდში გამოხატული ალერგიული რეაქციების დროს დამატებით გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხოლო დეზინტოქსიკაციის მიზნით გლუკოზა-მარილოვანი ხსნარი. ასევე გამოიყენება ალბუმინის და პლაზმის ტრანსფუზია, მძიმედ მიმდინარე ავადობის სამკურნალოდ ინიშნება პრედლიზოლონი/დექსამეტაზონი და/ან მათი ანალოგები.დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია: არასდროს შეიძინოთ ხორცი გზებზე ან თვითნებურად ორგანიზებულ ,,ბაზრებზე“. არ გამოიყენოთ საკვებად და ვეტერინარულად შეუმოწმებელი შინაური და გარეული ცხოველების (ტახი, დათვი) ხორცი; არასოდეს არ მიირთვად უმი ან თერმულად ცუდად, არასრულყოფილად მოხარშული/შემწვარი ხორცი; ხორცპროდუქტები შეიძინეთ, მხოლოდ სანდო და სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში.”

გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა, რომ წელს ტრიქინელოზის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 2023 წელს, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყო 5 შემთხვევა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე წელს ტრიქინელოზის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ 2023 წელს, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იყო 5 შემთხვევა, რაც ოფიციალურად დადასტურდა. ორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში სავალდებულოა ვეტერინარმა ნებისმიერი ცხოველის ხორცი შეამოწმოს. შემოწმება ხდება სასაკლაოზე, სადაც ცხოველი როგორც დაკვლის წინ, ასევე დაკვლის შემდეგ მოწმდება, ვეტერინარმა ზუსტად იცის სად არის ის ადგილები, სადაც შეიძლება ტრიქინელას ჭია ბუდობდეს. კონკრეტულია ადგილებია, იმიტომ რომ მას აქვს კაფსულები სპორების სახით და სპორებში შეიძლება იყოს გადასული. ვეტერინარმა ეს იცის და სწორედ ამ ადგილებს ამოწმებს. სუფთა ხორცს ვეტერინარი არტყამს ბეჭედს, ეს ნიშნავს იმას რომ ხორცი შემოწმებულია და უვნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ერთადერთი თავის დაცვის საშუალება ეს არის. ეს არ ეხება გარე ვაჭრობას, გარე ვაჭრობა ვერ კონტროლდება,“ – განაცხადა ირაკლი არაბულმა.

შეგახსენებთ, რომ ტრიქინელოზით დაავადების ფაქტზე “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ” მოკვლევა დაიწყო. როგორც ცნობილია, „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი.