ახალი ამბები

როდიდან მიიღებენ ბენეფიციარები უფასო სურსათს-სურსათის ბანკის ამოქმედების თარიღი ცნობილია

საქართველოში პირველი სურსათის ბანკის ამოქმედების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. „ბიზნესპრესნიუსთან“ People in Need Georgia-ს სურსათის ბანკის პროექტის კოორდინატორი სალომე ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბენეფიციარები წყალტუბოში სურსათს, დიდი ალბათობით, მარტიდან მიიღებენ.

სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში, ორხევში უკვე გაიხსნა. ლოჯისტიკურ ჰაბში სხვადასხვა სუპერმარკეტის მიერ მიწოდებული სურსათი განთავსდება, შემდეგ კი წყალტუბოში ბენეფიციარებს მიეწოდება.

„საწყობი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და გამართულია სისტემა, რაც საშუალებას მისცემს შემოსავლების სამსახურს, რომ არ გაუჭირდეს შეგროვებულ პროდუქტზე წვდომა – მათთვის ხილული იქნება მთელი ეს პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს კერძო სექტორთან და სამთავრობო სტრუქტურებთან საოპერაციო პროცესების დაზუსტება და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ოპერირებას“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

რაც შეეხება სურსათის დარიგების სიხშირეს, სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე კვირაში ერთხელ ან ორჯერ განხორციელდება.

„თბილისში შეგროვდება პროდუქცია დონორი კომპანიებისგან და შემდეგ განაწილდება წყალტუბოში. შესაძლოა, სურსათი დარიგდეს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. საწყის ეტაპზე, დიდი ალბათობით, ყოველდღიური ხასიათი არ ექნება ამას. მომავალში, თუ კიდევ გაიზრდება დაინტერესება და მეტი პროდუქტი შემოვა, შეიძლება ყოველდღიურიც კი გახდეს“, – დასძინა რესპონდენტმა.

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული უმსხვილესი მარკეტების უდიდესი ნაწილი სურსათის ბანკისთვის პროდუქციის შეწირვის მზაობას გამოთქვამს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით იქმნება.