ახალი ამბები

„მელაანური ჩაი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მოქმედი კომპანია, „მელაანური ჩაი“ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი თეონა ბორიძე აცხადებს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რამაც ასორტიმენტის და პროდუქციის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა მისცათ.

კომპანია ამ ეტაპზე სამი სახეობის ჩაის აწარმოებს.

„ამ დროისთვის, სამი სახეობის ჩაი გვაქვს: თავშავა, ბარამბო და ველური ვარდი. გასულ სეზონზე ექსპერიმენტულად დავამტეთ ერთი სახეობა, ველური კომშის ყვავილი. გვქონდა ძალიან ცოტა რაოდენობა, რადგან არ ვიცოდით ბაზარი როგორ მიიღებდა. თუმცა, ფაქტობრივად ნიმუშებიც აღარ დაგვრჩა ისე მალე გაიყიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, ამ სეზონზე ამ სახეობასაც აქტიურად ჩავუშვებთ ბაზარზე და რაოდენობა გვექნება მოთხოვნიდან გამომდინარე. ტექნოლოგიურად ვვითრდებით, ერთი პატარა გრანტის ფარგლებში, შესაფუთ მასალებს ვცვლით, რის შედეგადაც შენახვის პირობები გაგვიუმჯობესდება. ეს აისახება, როგორც ხარისხზე: ფერი, სუნი, არომატი, უფრო მდგრადი და პირვანდელი სახით შენარჩუნდება და ასევე ვფიქრობთ, რომ გაყიდვებზეც დადებითად აისახება. იმიტომ რომ ველურ ვარდს ჰქონდა პრობლემა შენახვისას, ფერი ეცვლებოდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტექნოლოგიურად დავხვეწოთ შენახვის პირობები, რაც წესით გაყიდვებზეც იმოქმედებს ბუნებრივად“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ,,თავშავას” ჩაი.

„ამ ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნაა უფრო მეტად ,,თავშავაზე”, თავშავას ყვავილზე. პირველი ინდიკატორი ალბათ „თვალი ჭამს და თვალი სვამს“ ამბავია იმიტომ, რომ ლამაზი და მიმზიდველი სტრუქტურა აქვს, გარდა ამისა, სამკურნალო თვისებებიც და ფაქტობრივად ლიდერობს ,,თავშავა”. მერე მოჰყვება ვარდი, ბარამბო და ველური კომში, რომელიც რეალურად, ძალიან ცოტა გვქონდა“, – აცხადებს თეონა თაბორიძე.

აგროტურისტულმა მეურნეობამ ,,Melaanian vintage’’ ბაზარზე ბრენდირებული ჩაის გაყიდვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კომპანია სხვადასხვა სახეობის ველურ ჩაის, კომპანია ლაკბეს ხეობაში მოიპოვებს.

ეკო ტურისტული კომპლექსი პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრმა, თეონა თაბორიძემ შექმნა. ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. მისი თქმით, მანამდე ტურისტებს სთავაზობდა ჩაის ტურებს, რომელიც მოიცავს ველური ჩაის შეგროვებას. მისივე თქმით, Melaanian Vintage – Guest House გარდა ჩაის ტურების და ღამის თევის სერვისისა, სტუმრებს გასტრო მიმართულებასაც აქტიურად სთავაზობს, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადი ევროპელ ტურისტებშია.

სასტუმრო Melaanian Vintage 2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა. Melaanian Vintage ეკო კომპლექსია, სადაც სტუმრების განთავსება განსხვავებულ ეკო ვინტაჟურ გარემოში ხდება. ეკოვინტაჟურ სასტუმროში ოთხი ნომერია, სადაც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

 

ნახეთ ამავე თემაზე:  https://knews.ge/?p=77270