ახალი ამბები

MELAANIAN VINTAGE-მა ბაზარზე ბრენდირებული ჩაის გაყიდვა დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მოქმედმა აგროტურისტულმა მეურნეობამ ,,Melaanian vintage’’ ბაზარზე ბრენდირებული ჩაის გაყიდვა დაიწყო. სხვადასხვა სახეობის ველურ ჩაის, კომპანია ლაკბეს ხეობაში მოიპოვებს.

ეკო ტურისტული კომპლექსი პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრმა, თეონა თაბორიძემ შექმნა. ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. მისი თქმით, მანამდე ტურისტებს სთავაზობდა ჩაის ტურებს, რომელიც მოიცავს ველური ჩაის შეგროვებას.

,,ზაფხული ცხელი ტურისტული დღეები ნაყოფიერად გამოვიყენეთ და ჩაის ტურების დასრულებისთანავე შევუდექით ჩაის ნედლეულის შეგროვებას. მიმდინარე სეზონზე უკვე დაგეგმილი გვქონდა ჩაის ხაზის უფრო მეტად განვითარება. ამ მიზნით მოვიპოვეთ მცირე საგრანტო დაფინანსება მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობის დანადგარის შესაძენად, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით ფერმერთა ასოციაციას.

ყველაფერთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ ცალკე ,,მელაანური ჩაის” ბრენდბუქზე და ორ თვიანმა დაუღალავმა შრომამ ეს შედეგი გამოიღო. როგორც იცით, გვქონდა ორი სახის ჩაი წარმოებაში. ახალ სეზონს და ახალ ეტაპს კი ახალი სახეობის დამატებით ვხვდებით და ეს გახლავთ ,,თავშავას” ყვავილი რომელიც ასევე ძალიან სასარგებლო და გამორჩეული გემოა ჩვენი ჩაის ასორტიმენტში”,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.

მისივე თქმით, ჩაი უკვე რამდენიმე ობიექტში იყიდება და მის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. თეონა აღნიშნავს, რომ ახალი ბრენდირების ქვეშ სამივე სახეობის ჩაი ერთიანდება, რომლიც 50 და 70 გრამიან შეფუთვებშია და ერთი ქილის ფასი 25 ლარამდე მერყეობს.

,,მიმდინარე სეზონზე დავამატეთ კონტრაქტორი ჩაის მაღაზია და ახლა ,,ჩაიმანიას” ფილიალებთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ ჩაის სახლშიცაა ჩვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელი. ახალი ბრენდირების ქვეშ სამივე სახეობის ჩაი ერთიანდება. სხვადასხვა გრამაჟით გვაქვს დიდი და პატარა შეფუთვები, ერთი ქილის ფასი კი 25 ლარამდეა”,– აცხადებს თეონა.

მეწარმე მომავალში ჩაის ექსპორტზე გატანას რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს.

,,მიმდინარე წლისთვის ერთი მიზანი კიდევ გვაქვს, რომ ექპორტზე გავიდეთ. იმედი გვაქვს პირველი ნაბიჯები მიმდინარე თვის მიწურულს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადაიდგმება. გვაქვს მოლაპარაკებები ჩეხეთთან, ავსტრიასა და უნგრეთთან. უკვე დადგა დრო მელაანური ჩაი ცალკე ბრენდად განვითარდეს, რომელიც ყველა სიახლეს გააერთიანებს ფეისბუქ გვერდზე ,,მელაანური ჩაი”.

ტრადიციულად გაყიდვები იწარმოებს როგორც ჩვენთან კომუნიკაციით, ასევე ჩაიმანიაში, საიტზე soflidan.ge- ზე და თემატურ გამოფენა გაყიდვებზე. უახლოეს დღეეებში კი ჩვენით დაინტერესებულ მომხმარებელს ველით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე და ალავერდის ყველის ფესტივალზე, სადაც განთავსებული იქნება ჩვენი სტენდი სრული ასორტიმენტით და შესაძლებელი იქნება დეგუსტაცია და შემდგომ პროდუქტის შეძენა.”

ეკო ტურისტული კომპლექსი ,,Melaanian Vintage’’ საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმროა და რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში, ჩაის შეგროვების ტურები და სხვა.