ქეთევან გიგაშვილი – ჩემი პოზიციის გამო უნივერსიტეტში საყვედური გამომიცხადეს
ქეთევან გიგაშვილი 33 წელია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. მას ორი დისერტაციის, არაერთი სამეცნიერო პროექტის და მონოგრაფიის ავტორია.
იგი, Knews.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამდენ წლებში, პირველი საყვედური მიიღო, რასაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მის კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს. ლექტორი აცხადებს, რომ ავადმყოფობის გამო უნივერსიტეტში მისვლა და ლექციების ჩატარება ვერ შეძლო, რის გამოც მისი მუშაობა არაჯეროვნად შეფასდა.
,,ზოგადად, ჩემი აქტიურობის გამო რომ რამეს ვგრძნობდე უნივერსიტეტში, მსგავსი არაფერი. თუმცა, ერთადერთი რაც უცნაურად ჟღერს ბრძანებითი საყვედურია, რომელიც დაწერეს 15 იანვარს და ჩემი მუშაობა შეაფასეს არაჯეროვნად. ონლაინ ვიმუშავე დამატებითი ლექციების სახით და ამის შემდეგ უნივერსიტეტშიც ჩავატარე სრულყოფილად. როგორც ჩანს გულდასმით არ წაიკითხეს რა დავწერე ახსნა-განმარტებით ბარათში, რომელიც მომთხოვეს. თუმცა, შეიძლება წაიკითხეს კიდეც მაგრამ ხელს აღარ აძლევდათ ის, რაც იქ ეწერა. იმაზე კი არ გაამახვილეს ყურადღება რომ ნამდვილად ჩავატარე ლექციები, არამედ ის რომ იმ დღეს არ მივედი უნივერსიტეტში“.
ქეთევან გიგაშვილი ამბობს რომ მისი და მისი მეუღლის მიმართ დიდი ხანია სასწავლო დაწესებულებაში გულგრილი დამოკიდებულება აქვთ.
,,გამოხატვის საშუალება მიეცათ თუნდაც ამ ჩვენი აქტიური პოზიციის გამო. მე არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, ვარ რიგითი მოქალაქე რომელიც ყოველთვის აფიქსირებს პოზიციას. ეს იყო 1989, 2003 წელი თუ სხვა, მე მაქვს ჩემი პოზიცია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ყოველთვის მგრძნობიარე ვარ. მიყვარს ჩემი სამშობლო და მინდა, ყველაფერი კარგად იყოს“.
ამბობ რომ სადოქტორო პროგრამაც მიზამიმართულეად დაუხურეს. პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა 2015 წელს და პირველი საკრედიტაციო პერიოდი რომ დამთავრდა, 2016 ში აღარ შეიტანეს. ამით რეპუტაციული ზიანი მიაყენეს უნივერსიტეტს ჩემს გამო.
,,ამ 33 წელიწადში ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ვეკიდები საქმეს ისე როგორც პროფესიონალი უნდა ეკიდებოდეს, ხოლო ამათი დამოკიდებულება ყოველთვის გულგრილია. მიზანმიმართულად დამიხურეს სადოქტორო პროგრამა. ჩემი პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხი ძალიან არის გამაღიზიანებელი მათთვის. რეალურად მე კი არა, აზიანებენ უნივერსიტეტს. 2016 წელს მოვიგეთ რუსთაველის ფონდის გრანტი და 216 ათასი ლარი შემოვიტანეთ მარტო მაშინ და ისე გამოვიდა, რომ წყალში გადაყარეს.
პროფესიონალიზმი არ აინტერესებთ და მაქვს განცდა რომ შეიძლება ისარგებლონ არამხოლოდ ჩემი მისამართით, არამედ სხვების მიმართაც. უნივერსიტეტში გამოიკვეთნენ ადამიანები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ, დგანა აქციებზე და შეიძლება მათ მიმართაც გამოხატონ იგივე რაც ჩემს მიმართ”.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, შორენა ლაზვიაშვილი Knews.ge-სთან აცხადებს, რომ პროფესორი წინასწარ არ დაჰკავშირებია ფაკულტეტის, ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის არც ერთ წარმომადგენელს და არ უცნობებია, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა სამსახურში გამოცხადებას.
,,2024 წლის 18 დეკემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის მესამე სართულზე, აუდიტორია N316-ში, დავაფიქსირეთ ლექციის დაწყების მოლოდინში მყოფი სტუდენტი. ვითარებაში გარკვევისას გამოვლინდა, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქეთევან გიგაშვილი ცხრილით გათვალისწინებულ ლექციაზე არ იმყოფებოდა. ჩვენგან განხორციელებულ არაერთ სატელეფონო ზარს, ქალბატონმა ქეთევანმა არ უპასუხა.
ამის შემდგომ თავად სტუდენტმა გაარკვია, რომ ლექტორი მოცემულ დროს უნივერსიტეტში არ იმყოფებოდა და ლექციებს ონლაინ რეჟიმში, სოციალური ქსელის, მესენჯერის გამოყენებით ატარებდა. პროფესორმა მოუწოდა სტუდენტს დასწრებოდა ონლაინ-ლექციას, რაზეც მისგან უარი მიიღო.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი წინასწარ არ დაჰკავშირებია ფაკულტეტის, ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის არც ერთ წარმომადგენელს და არ უცნობებია, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებდა სამსახურში გამოცხადებას. ფაქტობრივად, ქეთევან გიგაშვილმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო უნივერსიტეტში გამოუცხადებლობისა და ლექციების ონლაინ ფორმატში ჩატარებასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის მიერ საკითხის შესწავლით დადგინდა პროფესორ ქეთევან გიგაშვილის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესი, ქეთევან გიგაშვილის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება, რომელიც სამართლებრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება თავად პროფესორის მიერ გაჟღერებული დისციპლინური სახდელის, საყვედურისგან”.