გურჯაანში, ფურცელაძის ქუჩაზე მცხოვრებლები, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
ქალაქ გურჯაანში, ანტონ ფურცელაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივების განმარტებით, ქუჩაზე მეორე თვეა წყალმომარაგების სისტემაა დაზიანებული და წყალი ქუჩაზე მოედინება, რაც მათ გადაადგილების პრობლემას უქმნით. ადგილობრივის, თორნიკე თევზაძეს თქმით, აღნიშნული პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს, რომ მოსახლეობას წყლის პრობლემა მოეხსნას და გზაზე თავისუფლად გადაადგილება გახდეს შესაძლებელი.
თორნიკე აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა უბანს წლებია აწუხებს.
,,გურჯაანში, ფურცელაძის ქუჩაზე არის დაზიანებული წყლის სისტემის მილი, საიდან ჩამოდის ფურცელაძის ჩიხში წყალი. უბანში მილი მეორე ადგილასაც არის დაზიანებული უკვე თვეებია. გარდა ამისა, ფურცელაძის ჩიხში დაბალი წნევით მოგვიწოდება წყალი უკვე 1 თვეა. ამის გამო, წყლის გამაცხელებელი არ ირთვება და ცხელი წყალი არ გვაქვს. წყლის რეზერვუარები გვაქვს და იძულებული ვართ პომპით ვამუშაოთ.
ადრე 2 თვე ვიჩხუბეთ ამ საკითხზე, არჩევნების წინ წყალი წნევით გამოუშვეს და არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ ისევ დაკეტეს. ორგან ადრეც იყო დაზიანებული მილი, მაგრამ თუ ზევიდან წნევით მოდის, მაშინ დაზიანებები არ უშლის ხელს. მოკლედ 1 წელია ამ თემაზე ვიბრძვით. ჩემი აზრით, წნევით იმიტომ არ უშვებენ, რომ უხარისხო მასალაა გამოყენებული რეაბილიტაციის დროს და არ უნდათ რომ წყლის წნევამ დააზიანოს. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მივმართეთ ასევე წყალმომარაგების კომპანიას, თუმცა უშედეგოდ.
ამბობენ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსო, მაგრამ ამას ტყუილად აბრალებენ, სამუშაოების დაწყებამდეც იგივე პრობლემა იყო. ძალიან კარგად იციან რა და როგორ არის, თუმცა არავინ ინტერესდება ჩვენი პრობლემით”,- განუცხადა Knews.ge-ს თორნიკე თევზაძემ.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ფურცელაძის ქუჩასთან ახლოს, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული ქუჩის პრობლემის მოგვარებაც მოხდება.
,,ამ საკითხის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ფურცელაძის ქუჩასთან ახლოს, რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და იცვლება ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის წყლისაც. აღნიშნულ ქუჩაზეც დაიწყო წყლის სისტემის მოწესრიგების სამუშაოები, თუმცა ჯერ ბოლოში არ გასულან და სწორედ ამიტომ არის პრობლემები”,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზეც მიმდინარეობს, ყოველთვის თან ახლავს მცირე დისკომფორტი, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სრულად იცვლება ქსელი და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ზოგადად ასეთი პროექტის განხორციელებას თან ახლავს მცირე დისკომფორტი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით.
როცა ცხელ ხაზზე შემოდის ინფორმაცია რაიმე პრობლემასა ან დაზიანებაზე, ჯგუფი მალევე გადის და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს. ვიცით ამ ქუჩის შესახებ, მიმდინარე სამუშაოების გამო კონკრეტულ ქუჩას საღამომდე შეწყვეტილი აქვს წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი პრობლემა სრულად აღმოიფხვრება”,– განუცხადეს Knews.ge-ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
ვიდეო: თორნიკე თევზაძე

